ზრდის ტკივილები

Medical House თებ 11,2021

ზრდის ტკივილები

გქონიათ შემთხვევა, როდესაც თქვენს შვილს ფეხების ტკივილი არ აძინებს ? ზოგჯერ გამაყუჩებელი პრეპარატის მიცემაც კი დაგჭირვებიათ, თითქოს უეცრად და უმიზეზოდ ხდება ტკივილის დაწყება. თუ ეს ასეა, მაშინ თქვენს შვილს შეიძლება ზრდის ტკივილები აწუხებდეს.

რა არის ზრდის ტკივილები?

ტკივილი იწყება შუადღის შემდგომ, საღამოს ან ძილის წინ, ჩვეულებრივ ორივე ფეხში. შესაძლებელია ტკივილმა გააღვიძოს კიდეც ბავშვი. ზრდის ტკივილი შეიძლება შეგვხვდეს როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვებში(3-4წ), ასევე მოზარდობის პერიოდშიც (8-12წ).

მიუხედავად მისი სახელწოდებისა, მეცნიერულად არ არის დამტკიცებული ტკივილის კავშირი უშუალოდ ზრდის პროცესთან, იგი ასევე შესაძლებელია კავშირში იყოს ბავშვის ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობასთან, როგორიცაა სირბილი, ხტუნაობა, აქტიური სპორტი და ა.შ.

სიმპტომები:

ტკივილის ხასიათი და ინტენსივობა განსხვავებულია თითოეული ბავშვისათვის, იგი ჩვეულებრივ დღის მეორე ნახევარში აღმოცენდება და დილისათვის უკვე აღარ აღინიშნება, არ უშლის ხელს დღისით ფიზიკურ აქტივობას, ტკივილები პერიოდულად თავისით გაივლის და შემდგომ თავიდან იჩენს თავს, რაც შეიძლება თვეებისა და წლების განმავლობაშიც გრძელდებოდეს

დიაგნოზი:

დიაგნოსტირება ხდება ექიმის მიერ ანამნეზის შეკრებითა და ფიზიკური გასინჯვით. როგორც წესი, რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული კვლევების ჩატარების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ტკივილის სხვა მიზეზებიც (მაგ. შლატერის დაავადება მოზარდებში).

მკურნალობა:

მკურნალობა მოიცავს მტკივნეული ადგილის მასაჟისა და მსუბუქი ვარჯიშების ჩატარებას მშობლის მიერ. თუ ტკივილის ხასიათი ინტენსიურია, ექიმის მიერ შეიძლება დანიშნულ იქნეს ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, რომლებიც რეკომენდებულია კონკრეტული ასაკისთვის.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

გვახსოვდეს რომ ზრდის ტკივილები ყოველთვის ორივე კიდურში იგრძნობა, ტკივილი აღინიშნება კუნთებში და არა ძვლებში, თუ ტკივილი ცალ მხარესაა ან მას ახლავს შედეგი სიმპტომები აუცილებლად მიმართეთ ექიმს:

  • ტემპერატურის მატება
  • ტრავმა
  • მადის დაქვეითება
  • გამონაყარი, სიწითლე, შეშუპება
  • დაღლილობა
  • სიარულის გაძნელება და მოძრაობის შესამჩნევი შეზღუდვა.