ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ)

Medical House იან 23,2020

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ) წარმოადგენს ბრონქო-პულმონალური სისტემის მძიმე, ქრონიკულ და პროგრესირებად პათოლოგიას. 60%-ზე მეტ შემთხვევაში დაავადება დაკავშირებულია სიგარეტის ინტენსიურ მოხმარებასთან. ასევე ჰაერის დაბინძურებასთან და იმ სახის პროფესიულ საქმიანობასთან, რომელიც ჰაერში შეწონილი მყარი ნაწილაკების შესუნთქვასთანაა დაკავშირებული (მეშახტის, მაღაროელის, მენავთობის პროფესიები და სხვა).

ბოლო 15 - 20 წლის განმავლობაში, მთელ მსოფლიოში, მკვეთრად მოიმატა ფქოდ-ით დაავადებული ადამიანების რაოდენობამ. ამასთან, თუ ადრე, იგი ძირითადად მამაკაცთა პათოლოგიად ითვლებოდა, ამჟამად მკაფიოდ იმატებს დაავადებული ქალების რიცხვიც.

დღეისათვის ფქოდ ითვლება სიკვდილობისა და ინვალიდიზაციის ერთ-ერთ უპირველეს მიზეზად მთელ მსოფლიოში.

კლასიკურად, ფქოდი შედგება 2 კომპონენტისაგან: ესაა ქრონიკული ბრონქიტი, რომელიც ძირითადად ინტენსიურ მწეველებში ვითარდება და მას „მწეველთა ბრონქიტსაც“ უწოდებენ და ფილტვის ატელექტაზისაგან (ფილტვის ქსოვილის ნაწილის ჩაფუშვა-კოლაფსი), როცა რაიმე მიზეზის (ხშირად ჰაერის დაბინძურება სხვადასხვა მყარი ნაწილაკებისაგან, რომლებიც ფილტვის ქსოვილის გადაგვარება და ფიბროზს იწვევენ) გამო ირღვევა ფილტვის ქსოვილის სტრუქტურა და შესაბამისად ირღვევა გაზთა ცვლა, ჟანგბადის შეთვისება და ნახშირორჟანგის გამოყოფა. აღნიშნული პროცესები იწვევენ ბრონქებში ქრონიკულ ანთებით ცვლილებებს და ბრონქის სანათურის შეუქცევად (ან, პირველ ხანებში, ნაწილობრივ შექცევად) შევიწროებას, რაც კლინიკურად მჟღავნდება ადვილად დაღლაში, ხველაში, ჰაერის უკმარისობის შეგრძნებაში, ციანოზში, საერთო სისუსტეში და ა.შ. პროცესის დასაწყისში ეს სიმპტომები, სუსტად და ზოგჯერ შეუმჩნევლადაცაა გამოხატული და ვლინდება მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის ან სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციის თანდართვის (მაგ. გრიპი) ფონზე. დროთა განმავლობაში სიმპტომები მძაფრდება, სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ადამიანს და საბოლოოდ ინვალიდიზაციითა და სიკვდილით მთავრდება.

დღეისათვის ფქოდის მკურნალობის რადიკალური და ეფექტური მეთოდები, პრაქტიკულად, არ არსებობს. მკურნალობის მეთოდები მიმართულია პროცესის შენელების, კლინიკური მდგომარეობის და პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების და სიცოცხლის გახანგრძლივებისაკენ.

მკურნალობა ითვალისწინებს:

1. სიგარეტისათვის თავის დაუყოვნებლად დანებებას.

2. მავნე გარემო პირობებისაგან (დაბინძურებული ჰაერი, მავნე სამუშაო პირობები) გათავისუფლებას.

3. ბრონქების სპაზმის შემამასუბუქებელი პრეპარატების გამოყენებას.

4. სხვადასხვა სიმპტომატური (ნახველის გამათხიერებელი და ამოსახველებელი პრეპატარები. საჭიროების შემთხვევაში ანტიბიოტიკები და საინჰალაციო ან სისტემური კორტიკოსტეროიდები) საშუალებების გამოყენებას.

ფქოდის რაციონალური მკურნალობისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს დროულ დიაგნოსტიკას, რაშიც კლინიკურ მონაცემებთან ერთად, გადამწყვეთი როლი ენიჭება ისეთ კვლევას, როგორიცაა სპირგრაფია.

სპიროგრაფიის საშუალებით ვადგენთ ბრონქო-ობსტრუქციის (ბრონქის შევიწროების) ხარისხს, შექცევადობის ან შუქცევადობის ფაქტს და შესაბამისად ვადგენთ დაავადების სიმძიმეს, რაც განსაზრვრავს შესაბამისი მკურნალობის სქემის შემუშავების თავისებურებას.

ამიტომ:

1. თუ თქვენი ასაკი მეტია 40 წელზე, ინტენსიურად ეწევით სიგარეტს ან მუშაობთ და ცხოვრობთ დაბინძურებული ჰაერის გარემოში და ბოლო ხანებში გრძნობთ ადვილად დაღლას (მაგ. გრძნობთ დაღლას კიბესე ასვლისას, რაც ადრე არ შეგიმჩნევიათ, ან/და გახველებთ 4 კვირაზე მეტი) - აუცილებლად უნდა მიხვიდეთ ექიმთან და ჩაიტაროთ სპიროგრაფია.

2. უფრო მეტიც, ყველა მწეველმა, რომლის ასაკიც მეტია 40 წელზე, მიუხედავად იმისა, გრძნობს თუ არა ადვილად დაღლას, სასურველია, წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტაროს სპიროგრაფია.