ალერგიული ტესტი და მისი მნიშვნელობა

Medical House თებ 26,2020

ალერგოდიაგნოსტიკა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კვლევაა, რაც ალერგიულ დაავადებათა მნიშვნელოვანი მატებითა და სიცოცხლისათვის საშიში გართულებების გახშირებითაა გამოწვეული.

ალერგოდიაგნოსტიკისათვის არსებობს 2 მეთოდი:

1.სისხლში შესაბამისი, სპეციფიური, ანტისხეულების (სპეციფიური IgE) განსაზღვრა.

2.კანის ალერგიული სინჯები.

ორივე მეთოდს თავისი უპირატესობა აქვს.

სპეციფიური ანტისხეულების განსაზღვრა შედარებით ტრავმული (ჩხვლეტა) მეთოდია და მისი შედეგი მოგვიანებით ( > 24 საათზე) ხდება ცნობილი. თუმცა იგი უფრო ზუსტია, ვიდრე კანის სინჯი.

კანის სინჯი, კვლევის იაფი, სწრაფი და მარტივი მეთოდია და იგი უფრო ხშირად გამოიყენება ყოველდღიურ პრაქტიკაში, ვიდრე სისხლში სპეციფიური ანტისხეულების განსაზღვრა.

კანის ალერგიული სინჯის ჩატარების პრინციპი ემყარება იმ ფაქტს, რომ ალერგენების საწინააღმდეგო სპეციფიური ანტისხეულები დაფიქსირებულია კანისა და ლორწოვანი გარსების ქვეშ მოთავსებულ უჯრედებზე – მასტოციტებზე. ამიტომ. კანის ზედაპირულ შრეში შეყვანილი ალერგენი რეაქციაში შედის შესაბამის ანტისხეულთან და იწვევს კანის ალერგიულ ანთებას – სიწითლეს და ქავილს, რაც ადასტურებს ამ, კონკრეტულ ნივთიერებაზე, ალერგიის არსებობას.

ტესტირება ტარდება 2 ეტაპად: პირველ ეტაპზე, წინამხრის მედიალურ ზედაპირზე აწვეთებენ სავარაუდო ალერგენს (საკვლევ ნივთიერებას) და ამ არეში კანს ჩხვლეტენ სპეციალური „ლანცეტის“ საშუალებით, რომელიც უზრუნვებელყოფს კანის ზედაპირულ შრეში ალერგენის შეღწევას („პრიკ-ტესტი“).15-20 წუთის შემდეგ აფასებენ რეაქციას და თუ კანი არ გაწითლდა, გადადიან ტესტირების მეორე ეტაპზე - ალერგენი შეჰყავთ კანში სპეციალური, ინსულინის ნემსის, საშუალებით (ინტრადერმალური ტესტი). შედეგის წაკითხვა ხდება ტესტირებიდან 20 წუთის შემდეგ.

პარალერულად ტარდება „პოზიტიური ტესტი“ ჰისტამინის საშუალებით და „ნეგატიური ტესტი“ – ფიზიოლოგიური ხსნარის საშუალებით. რის შედეგებსაც ადარებენ ალეგენის შეყვანის შედეგად მიღებულ სურათს. ეს კი ტესტირების მაქსიმალურად ობიექტური შეფასების საშუალებას იძლევა.

„კანის ალერგიული ტესტი“ განსაკუთრებით მოსახერხებელია გარკვეული მედიკამენტების მიმართ ალერგიულობის დასადგენად, როდესაც კითხვაზე პასუხის გაცემა სწრაფადაა საჭირო. ამასთან, ისიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ მედიამენტების მიმართ სპეციფიური ალერგენების (სპეციფიური IgE) სისხლში აღმოსაჩენად, სპეციფიური ტესტ-სისტემებია საჭირო, რაც ხშირად, უბრალოდ, არც არსებობს.

ალერგიული სიჯის შედეგებს, როგორც ყველა კვლევას, ახასიათებს გარკვეული ცდომილებები, რომელიც მრავალ სუბიექტურ (მაგ. ტესტირების შესრულების ტექნიკა, კანში შეყვანილი ალერგენების განზავება, ტესტირებამდე პიროვნების მიერ მიღებული მედიკამენტები და სხვა)და ობიექტური (ალერგენების სტრუქ-ტურული თავისებურებები, კანის თავისებურება და ადამიანის იმუნური სისტემის თავისებურება და სხვა) მიზეზებს ემყარება.

ამიტომ, ყველა ტესტი ფასდება ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებით და ამის შესაბამისად გაიცემა ინდივიდუალური რეკომენდაციები.

და ბოლოს, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ე.წ. „ლეიკოციტილოზის ტესტს“, რომელსაც ზოგჯერ იყენებენ ალერგიულობის გამოსავლენად, არავითარი მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია და კავშირი არა აქვს ალერგიის გამოვლენასთან. ამ მეთოდს, არსად, არც ერთი ალერგოლოგი არ იყენებს, რადგან მისი საშუალებით შეუძლებელია, ალერიულობის შესახებ,რეალური დასკვნის გაკეთება.