ბრუქსიზმი - კბილების კრაჭუნი

Medical House აპრ 20,2019

ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები ძილში კბილებს აკრაჭუნებენ. ამ პრობლემას ხშირად - ბრუქსიზმს უწოდებენ, რომელიც უფრო მეტად გავრცელებულია ბავშვებში და ხშირად ხდება მშობლების შეშფოთების მიზეზი. მოცემული პრობლემა ბავშვთა თითქმის 38%-ს ახასიათებს, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზი მაინც არაა ბოლომდე დადგენილი. მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული ვარაუდები, რაც შეიძლება კბილების კრაჭუნს (ბრუქსიზმს) იწვევდეს.

პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს, არის ბავშვის ნერვული სისტემის მდგომარეობა - ნერვული დაძაბულობა, ფსიქოლოგიური სტრესები, გადაღლა, ამის ერთ-ერთი გამოვლინება კი, შესაძლოა კბილების კრაჭუნი იყოს.

ასახელებენ ისეთ მიზეზებსაც, როგორიცაა პათოლოგიური პროცესები პირის ღრუში (მაგალითად, კბილის ტკივილი, ნერწყვის გამოყოფის გაძლიერება და სხვა), ასევე ყურის ტკივილს, ან სხვა პათოლოგიებს - სახისა თუ ცხვირის არეში. განიხილება ალერგიის არსებობის შესაძლებლობაც და ამ მიზეზით განპირობებული კბილის კრაჭუნი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა მშობლებს ძალიან აშინებს, იგი არაა სიცოცხლისთვის საშიში. საკმაოდ დაბალია იმის ალბათობა, რომ ამ დროს ბავშვმა შეიძლება კბილები დაიზიანოს. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ეს პროცესი თავისთავად წყდება და ბავშვებიც ჩვეულებრივად ვითარდებიან.

და მაინც, რა უნდა გავაკეთოთ თუ ბავშვი კბილებს აკრაჭუნებს? პირველ რიგში, უნდა დააკვირდეთ ბავშვს და დაფიქრდეთ:

  • ხომ არ შეიცვალა რაიმე მის ცხოვრებაში?
  • როგორ სძინავს ბავშვს?
  • ხომ არ არის აღელვებული?
  • ხომ არ არის შეშინებილი და დათრგუნული?

დაათვალიერეთ მისი პირის ღრუ, კბილების მდგომარეობა. შეამოწმეთ ხახის, ყელის, ყურების მდგომარეობა, დაადგინეთ ხომ არ აღენიშნება მუცლის შებერილობა ან პრობლემები საკვების მონელებაში და სხვა.

ამრიგად, ბრუქსიზმის მიზეზი სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს. ბავშვობის ასაკში განვითრებული ეს პრობლემა, ხშირ შემთხვევებში მკურნალობას არ საჭიროებს, რადგან იგი თავისით გაივლის 6-7 წლისთვის.

დამატებითი კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით.