ჰიპერაქტივობა და ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტი ბავშვებში

Medical House ივლ 06,2018

ბავშვები ერთმანეთისგან განსხვავდებიან თავიანთი ტემპერამენტით, ინტელექტითა და, შესაბამისად, ქცევის თავისებურებებით.

ტემპერამენტის ფაქტორებიდან გამომდინარე, ბავშვი შეიძლება იყოს აქტიური, მოძრავი, ენერგიული ან პირიქით - მოდუნებული და ჩაკეტილი. ეს თვისებები ნორმალურად მიიჩნევა გარკვეულ ზღვრამდე და საგანგაშო ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ბავშვის ქცევა არაადეკვატურია და ხელს უშლის გარემოსთან ადაპტაციაში. ასეთი ქცევის მაგალითია ჰიპერაქტივობა და ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტი.

ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტი გულისხმობს იმას, რომ ბავშვს არ შეუძლია ერთ საგანზე, ერთ ქმედებაზე კონცენტრაცია, ვერ ამთავრებს დაწყებულ საქმეს, არის იმპულსური და ვერ აკონტროლებს თავის ქმედებებს. ამ დროს უჭირთ რამის სწავლა იმის გამო, რომ უძნელდებათ ერთ ქმედებაზე, საგანზე კონცენტრაცია. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ყურედღების დეფიციტი გამოხატულია არა ჰიპერაქტივობასთან, არამედ ინერტულობასა და სიზარმაცესთან ერთად.

ჰიპერაქტივობა კი გულისხმობს გადაჭარბებულ მოტორულ აქტივობას, როცა პატარა სულ მოძრაობს, არ იღლება, “ვერ აჩერებს ხელებს”. ასეთი ბავშვები რთულად აკონტროლებენ ემოციებს, ახასიათებთ ნერვულობა, აგრესიულობა, თანატოლებთან და პედაგოგებთან ურთიერთობის პრობლემები.

ჰიპერაქტივობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომის მიზეზები ბოლომდე ახსნილი არ არის. თუმცა, გაირკვა, რომ ამ სინდრომის მქონე ბავშვებში გაძლიერებულია ნივთიერებათა ცვლა და ნერვული იმპულსების გადაცემის პროცესი.

დადასტურებულია ისიც, რომ ამ სინდრომის მქონე ბავშვთა კვების რაციონიდან ქვევით ჩამოთვლილი საკვები პროდუქტების ამოღება აუმჯობესებს ძილს და ამცირებს მოტორულ ჰიპერაქტივობას.

  • შოკოლადი;
  • ხილის წვენები;
  • შაქრის შემცველი საკვები;
  • სინთეზური კონსერვანტები;
  • საკვები არომატიზატორები;
  • ალერგენები.

მდგომარეობას აუმჯობესებს მაგნიუმითა და B-ვიტამინით მდიდარი საკვები:

  • შვრია;
  • წიწიბურა;
  • ხორცი;
  • რძის ნაწარმი.

მდგომარეობების ნიშნები

თუ ამჩნევთ, რომ ბავშვს:

  • მცირე ასაკიდან ახასიათებს უმიზეზო ჭირვეულობა;
  • აღგზნებულობა, აგრესიულობა;
  • ურთულდება მასწავლებლის მოსმენა, თანატოლებთან ურთიერთობა;
  • ვერ მიჰყავს დაწყებული საქმე ბოლომდე;
  • უჭირს წაკითხულის ან ნაამბობის დამახსოვრება;
  • ახასიათებს ბევრი საუბარი და, ამავდროულად, არ ამთავრებს აზრს;
  • ახასიათებს მოუსვენრობა;
  • ახასიათებს ჭირვეულობა;
  • აქვს ძილის დარღვევა.

მიმართეთ პედიატრს ან ბავშვთა ფსიქოლოგს, რათა მიიღოთ ზუსტი ინსტრუქციები, თუ როგორ გაუმკლავდეთ ამ მდგომარეობას.