მკერდთან დაკავშირებული პრობლემები

Medical House ივნ 04,2018

მკერდის ზრდა არის პუბერტალური (სქესობრივი მომწიფების) დაწყების პირველი ნიშანი.

მკერდის მცირედი ასიმეტრია ფიზიოლოგიური (ბუნებრივი) მოვლენაა მოზრდილ ქალებსა და სექსუალურად მომწიფებულ მოზარდ გოგონებში. გვხვდება ხოლმე ისეთი მდგომარეობები, რომლებიც კორექციას მოითხოვენ, მაგ.: მკერდის ორმხრივი განუვითარებლობა, მცირედი განვითარება ან ზომაზე მეტად ზრდა. ასეთი მდგომარეობა შეიძლება გახდეს ფსიქოლოგიური პრობლემის მიზეზი. რეკონსტრუქციული ოპერაცია საჭიროა მაშინ, როდესაც მკერდის ასიმეტრია მკვეთრად არის გამოხატული.

მკერდის დამატებითი ქსოვილი (პოლიმასტია) გვხვდება როგორც გოგონებში, ისე ვაჟებში. ამ დროს შეიძლება დამატებითი მკერდი გაიზარდოს. ის, როგორც წესი, განლაგებულია გულმკერდის არეში, ფიზიოლოგიურად არსებულ სარძევე ჯირკვლებს შორის ან მუცლის ზედაპირზე.

მკერდის სიმსივნური წარმონაქმნები

ავთვისებიანი სიმსივნის არსებობა მოზარდებში იშვიათია. სტატისტიკის მიხედვით, 22 წლამდე ასაკის ქალებში მკერდში არსებული სიმსივნური წარმონაქმნი გამოწვეულია:

  • ფიბროადენომით - შემთხვევების 68,3%;
  • კისტოზური წარმონაქმნებით - 18,5%;
  • ავთვისებიანი სიმსივნეებით - 0,9%-ში.

მკერდის სიმსივნური წარმონაქმნები მკერდის პათოლოგიის უხშირესი გამოვლინებაა მოზარდებში და წარმოდგენილია კისტით ან ფიბროადენომით. ასეთი კისტოზური წარმონაქმნები სხვადასხვა ზომისაა. ზომა დამოკიდებულია მენსტრუალური ციკლის სტადიაზე და მაქსიმალურია ციკლის პერიოდში. აღნიშნული წარმონაქმნი უნდა გაკონტროლდეს აღმოჩენიდანვე, განვითარებაზე დაკვირვება მიმდინარეობს 3 მენსტრუალური ციკლის განმავლობაში. ამ პერიოდში განვითარებული ცვლილებების მიხედვით უნდა გადაწყდეს ქირურგიული ჩარევის საჭიროების საკითხი.

მასტალგია (სარძევე ჯირკვლის ტკივილი)

სარძევე ჯირკვლის ფიზიოლოგიური შეშუპება ემთხვევა მენსტრუაციის წინა პერიოდს და გამოწვეულია ჰორმონული სტიმულაციითა და სარძევე ჯირკვლის ქსოვილებში განვითარებული ცვლილებებით. ამ დროს სარძევე ჯირკვლის პალპაციით (თითებით ვსინჯავთ ქსოვილის სიმკვრივეს და კონსისტენციას) ისინჯება მცირედით გადიდებული მრავლობითი ჯირკვლოვანი წარმონაქმნები, მკერდის დაჭიმულობა და მცირე ტკივილი, რომელიც იღლიის ხაზისკენ გადადის. აღნიშნულ მდგომარეობას “ფიბროკისტურ დაავადებას” უწოდებენ.

მასტალგია არ არის დაკავშირებული ციკლთან და დიდწილად 40 წელს მიახლოებულ ქალბატონებში გვხვდება. ამ მდგომარეობის მკურნალობისათვის რეკომენდირებულია სითბური აპლიკაციები, ტკივილგამაყუჩებლები, შარდმდენი და ფურუსულას ზეთის კაფსულები.

გამონადენი სარძევე ჯირკვლიდან

სარძევე ჯირკვლის სადინარებიდან გამონადენის არსებობა, ჩვეულებრივ, გამოწვეულია ადგილობრივი ხელოვნური სტიმულაციით, ორსულობით ან სხვადასხვა მედიკამენტების (მათ შორის დასალევი კონტრაცეპტივების) მიღებით. იშვიათად, ამ მოვლენის მიზეზი ინფექცია ან სიმსივნეა. თხელი და მოთეთრო ან სქელი გამონადენი დამახასიათებელია ორსულებისთვის, ჩიროქვანი - ინფექციისთვის, ხოლო მუქი და სისხლიანი გამონადენი - სიმსივნესთვის. ასეთ დროს აუცილებალდ დაუკავშირდით სპეციალისტს.

მკერდის პათოლოგია ვაჟებში

გინეკომასტია (მკერდის გადიდება) ვლინდება ვაჟების ⅓-ში პუბერტალური პერიოდის განმავლობაში და ქრება ამ პერიოდის შემდეგ. თუ გინეკომასტია არ არის დაკავშირებული სქესობრივი მომწიფების პერიოდთან, მაშინ სხვადასხვა ენდოკრინული პათოლოგიისგანაა გამოწვეული. თუმცა, ამ დროს გასათვალისწინებელია მკერდის სიმსივნის არსებობის საშიშროებაც.

თუ თქვენზე ან თქვენს შვილებზე შეამჩნევთ რომელიმე ზემოთ ხსენებულ სიმპტომს, დროულად მოგვმართეთ, რათა მცირე პრობლემამ არ გამოიწვიოს სერიოზული დაავადებები.