შაკიკი

Medical House ოქტ 28,2020

შაკიკი ერთი-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული, ორგანული და უმთავრესად მემკვიდრული ავადმყოფობაა, რომელიც ძირითადად ხასიათდება ძლიერი თავის ტკივილის შეტევებით და შრომის უნარის დაქვეითებით. მსოფლიოში 1 მილიარდი ადამიანია დაავადებული შაკიკით, უუნარობაში გატარებული წლების მიხედვით შაკიკი მესამე ადგილზეა, წელის ტკივილის და დეპრესიის შემდეგ, ქალებში 3-ჯერ უფრო ხშირია ვიდრე მამაკაცებში, ძირითადად იწყება ბავშვობაში, თუმცა ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს.

შაკიკის ყველაზე გავრცელებული ფორმაა შაკიკი აურის გარეშე ანუ ტიპური შაკიკი.

აღნიშნული ფორმა 3 ფაზისგან შედგება:

  • პროდრომი (წინსწრება) - შეტევამდე რამდენიმე საათით ან ერთი დღით ადრე ვლინდება შაკიკის შეტევის მომასწავლებელი სიმპტომები: საერთო სისუსტე, კონცენტრაციის დაქვეითება, მთქნარება, შუქის აუტანლობა, გაღიზიანება, ყაბზობა.
  • თავის ტკივილი- შაკიკის ახასიათებს შეტევითი ხასიათის თავის ტკივილი,რომელიც გრძელდება მინიმუმ 4 საათი მაქსიმუმ 72 საათი. ტკივილი უმეტესად ცალმხრივია, მოპულსირეა, ზომიერი ან ძლიერია, თან ახლავს გულზიდვა/ღებინება, შუქის აუტანლობა, ხმაურის ან სუნების აუტანლობა, ხშირი თანამოვლენაა ასევე თავბრუხვევა, რეტი, ყურებში ხმაური, აზროვნების შეფერხება, ამ დროს ადამიანი თავს იკავებს ჩვეული აქტივობისგან (ხდება უუნარო), ურჩევნია სიმშვიდეში და სიბნელეში ყოფნა, ზოგ შემთხვევაში სიამოვნებს თავის გაკვრა და თბილი ან ცივი საფენი შუბლზე.
  • პოსტდრომი (ჩაწყნარება) -თავის ტკივილის დასრულების შემდეგ პაციენტების უმრავლესობას აღენიშნება: შფოთვა, გუნება-განწყობის დაქვეითება, ძილიანობა, ხშირი შარდვა, ტკბილეულის მიმართ დაუოკებელი ლტოლვა, კუნთების სისუსტე, კისრის ტკივილი და დაჭმულობა.
  • აურა

შაკიკის შედარებით იშვიათი ფორმაა კლასიკური შაკიკი , ანუ შაკიკი აურით, რომელიც შედგება 4 ფაზისგან: პროდრომი, აურა, თავის ტკივილი, პოსტდრომი. ამ შემთხვევაში ზემოთ აღნიშნულ ფაზებს ემატება:

ერთი ან მეტი გარდამავალი ნევროლოგიური დარღვევა, რომელიც ჩვეულებრივ წინ უსწრებს შაკიკის თავის ტკივილს, იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს თავის ტკივილთან ერთად.აურა ვითარდება თანდათან დაძირითადად 60 წუთში იწყებს უკუგანვითარებას

იმის მიხედვით, თუ ნერვული სისტემის რომელი ფუნქცია ირღვევა გამოარჩევენ 6 სახეობის აურას:

  • მხედველობითი ( ნელა მზარდი მოციმციმე სკოტომა)- 90%;
  • მგრძნობელობითი (მტევნის, მკლავის, სახის დაბუჟება)- ხშირია;
  • მეტყველებითი - (სიტყვების წარმოთქმის გაძნელება);
  • მოძრაობითი (ხელ-ფეხის სისუსტე;)
  • თავის ტვინის ღეროს (თავბრუხვევა, ყურებში ხმაური, სმენის დაქვეითება);
  • თვალის ბადურა (ცალ თვალში მხედველობის დაკარგვა.

შაკიკის ხელშემწყობი (ტრიგერული) ფაქტორები:

სტრესი, მღელვარება, დეპრესია, შიში,ამინდის მკვეთრი ცვლილება, ტემპერატურის ცვლილება, მკვეთრი სუნი, კაშკაშა შუქი, ხმაური, სიმაღლეზე ყოფნა. ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება, მენზესი, უძილობა, ბევრი ძილი, შიმშილი, მგზავრობა, გაციება, გრიპი, თავის ან კისრის ტრავმა, ალკოჰოლის მოხმარება, შებოლილი საკვები, დაძველებული ყველი, ნაყინი, ყინულიანი წყალი. წონაში მატება.

შაკიკის დიაგნოზის დასმა ხდება პაციენტის გამოკითხვით, დეტალური ანამნეზის შეკრებით.(თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვის ან კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებით შაკიკის დიაგნოზს ვერ დავსვამთ), ამიტომ დიდი მნიშნელობა აქვს პაციენტების მიერ სიმპტომების ზუსტად და სწორად ჩამოყალიბებას.

შაკიკის მართვა

  • წაიკითხე და გამოყავი შაკიკის შეტევის მანიშნებლები და ხელშემწყობი ფაქტორები;
  • აწარმოე თავის ტკივილის დღიური;
  • ყოველთვის თან ატარე ეფექტური ტკივილგამაყუჩებელი;
  • არ დაელოდო თავის ტკივილის გაძლიერებას, ტკივილის დაწყებისთანავე მიიღე ტკივილგამაყუჩებელი (მნიშვნელოვანია ყველა პაციენტმა იცოდეს, რომ არ შეიძლება თვეში 8 ტაბლეტზე მეტი ტკივილგამაყუჩებლის მიღება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ჩამოყალიბდეს მედიკამენტების ჭარბი მოხმარების თავის ტკივილი);
  • ივარჯიშე კვირაში მინიმუმ 3 დღე;
  • დალიე წყალი დღეში 3 ლიტრი;
  • არ მიიღო ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები;
  • მოიწესრიგე ძილი;
  • აკონტროლე წონა.

იმ შემთხვევაში, თუ შაკიკის შეტევები არის თვეში 3 და მეტი ან შეტევის მოხსნა გართულებულია მიზანშეწონილია დაინიშნოს პრევენციული მკურნალობა, ამიტომ მიმართე ექიმს.