დისფაგია - ყლაპვის გაძნელება

Medical House ივნ 22,2017

ალბათ გაგიგიათ, რომ ადამიანი უჩივის ყლაპვის გაძნელებას და ამბობს, რომ “ლუკმა ყელზე ადგება” ან “ლუკმა ყელში ეჩხირება”. აღნიშნული შეგრძნება, რომელიც კვების აქტს უკავშირდება, სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული და ამ მდგომარეობას დისფაგია ეწოდება.

დისფაგიის დროს, პაციენტები, ჩვეულებრივ, უჩივიან “საკვების გაჩხერას” საყლაპავის რომელიმე ნაწილში და მისი გადაადგილების შეფერხებას ქვემოთ, კუჭის მიმართულებით.
დისფაგიის დროს, შეიძლება გაძნელებული იყოს მხოლოდ სითხის, ან მხოლოდ მყარი საკვების, ან ორივესი, ერთდროულად, გადაადგილება პირის ღრუდან, საყლაპავის გავლით, კუჭის მიმართულებით.
დისფაგია არ უნდა ავურიოთ ისეთ მდგომარეობასთან, როდესაც “საკვების ყელში გაჩხერის” შეგრძნება ვითარება მაშინ, როდესაც, რეალურად ადამიანი საკვებს არ იღებს და ეს მდგომარეობა უფრო ფსოქოლოგიური პრობლემაა ვიდრე რაიმე სტრუქტურული ცვლილებით გამოწვეული მდგომარეობის შედეგი (ამ მდგომარეობის შესახებ ცალკე გვექნებქა საუბარი).
ჭეშმარიტი დისფაგია ყოველთვის დაკავშირებულია საკვების (მყარი საკვები ან სითხე ) მიღებასთან და არასოდეს არ ვითარდება მის გარეშე.
არჩევენ დისფაგიის რამდენიმე ფორმას:

- ოროფარინგიალური დისფაგია, როდესაც გაძნელებულია საკვების გადასვლა ხახიდან საყლაპავში. აღნიშნული მდგომარეობა უკავშირდება საყლაპავის ზემო ნაწილის პათოლოგიას. ამ დროს ხშირია ნევროლოგიური ხასიათის ან კუნთთა პათოლოგიები (მაგ. პარკინსონის დაავადება, გაფანტული სკლეროზი, ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი, პოლიომიელიტი, და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დაავადებები) ან კუნთთა ისეთი პათოლოგიები, როგორიცაა მაგ. დერმატომიოზიტი და კუნთთა დიტროფია.

დისფაგიის ამ ფორმის დროს ადამიანი აშკარად გრძნობს, რომ გაძნელებულია საკვების გადასვლა ხახიდან საყლაპავში, საკვების მასა და სითხე ბრუნდება უკან და გადადის ცხვირის ღრუში (ნაზალური რეგურგიტაცია), საკვების ნაწილები ხვდება სასულეში და იწვევს ხველის პაროქსიზმებს.
- ეზოფაგური დისფაგია. რომლის დროსაც გაძნელებულია საკვების მოძრაობა საყლაპავში - ზემოდან ქვემოთ. ეს მდგომარეობა შეიძლება გამოწვეული იყოს ან მექანიკური დაბრკოლებით ან საყლაპავის კუნთთა მოტორიკის დარღვევით (საყლაპავში საკვების მოხვედრის შემდეგ იწყება საყლაპავის კუნთების რითმული შეკუმშვა, რაც ხელს უწყობს საკვების გადაადგილებას).

საკვების გადაადგილების შეფერხების მექანიკური მიზეზი შეიძლება იყოს საყლაპავის სიგნით არსებული დაბრკოლება – მაგ. ლორწოვანი გარსის უჯრედების პათოლოგია და შეშუპება, წყლული, სიმსივნე, ე.წ. “საყლაპავის ქვეწმო რგოლი” და სხვა. საკვების გადაადგილებას შეიძლება ხელს უშლიდეს საყლაპავის გარეთ, გულმკერდის ღრუში, არსებული სხვადასხვა წარმონაქმნი – მაგ. მსხვილი სისხლძარღვის გაფართოება, ანევრიზმა, ფარისებური ჯირკვლის გადიდება, შუასაყარის ლიმფური ჯირკვლები, სიმსივნე და სხვა, რომელიც აწვება საყლაპავის კედელს და იწვევს საყლაპავის ხვრელის სანათურის დავიწროებას.

საყლაპავის კუნთთა მოტორიკის დარღვევით გამოწვეული დისფაგიის მიზეზი შეიძლება იყოს ლორწოვანის უჯრედების პათოლოგია, საყლაპავის კუნთთა მოდუნება (აქალაზია), სპაზმი, კუნთთა სისტემური სკლეროზი და სხვა. ასეთ შემთხვევაში გაძნელებულია როგორც მყარი საკვების ისე სითხის ყლაპვა, მაშინ, როცა მექანიკური დაბრკოლების შემთხვევაში მხოლოდ მყარი საკვების გადაადგილებაა გაძნელებული და სითხის მიღება ჩვეულებრივად, დაბრკოლების გარეშე ხდება. განსაკუთრებით გაძნელებულია პურისა და ხორცის ყლაპვა.
ჭეშმარიტი დისფაგიის დროს, პირველი სიმპტომების გამოჩენის შემდეგ, მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს სწრაფად – რამდენიმე კვირის განმავლობაში ან პროცესი წარიმართოს დუნედ და გაუარესების გარეშე მიმდინარეობდეს თვეების განმავლობაში, რაც დამოკიდებულია დისფაგიის გამომწვევ მიზეზებზე.
დისფაგიის დიაგნოზი ემყარება კლინიკურ მონაცემებს და ინსტრუმენტული კვლევის მეთოდებს (ენდოსკოპია, რეტგენოლოგიური კვლევა, კონტრასტული ნივთიერებით კვლევა და სხვა).
მკურნალობა. დისფაგიის მიზეზების მიხედვით, შეიძლება იყოს, როგორც მედიკამენტოზური, ისე ქირურგიული.
სწორი მკურნალობისათვის კი აუცულებელია სწორი დიაგნოზი და ამ მდგომარეობის მიზეზის ზუსტი დადგენა.
ჩვენს კლინიკაში არის ყველა საშუალება დისფაგიის მიზეზების დასადგენად და შესაბამის დახმარების აღმისაჩენად.