​ფანტაზია და შემოქმედებითი აზროვნება

Medical House მაი 24,2017

3 დან 6 წლამდე ასაკი ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია ფანტაზიისა და ინტელექტის განვითარებისათვის. ამ პროცესზე დიდ გავლენას ახდენს მიღებული ინფორმაციის ხასიათი და თამაშის ფორმა. ამ დროს მიღებული შთაბეჭდილებები შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე შენარჩუნებდეს და გავლენას ახდენდეს ადამიანის ცნობიერებაზე. ამ ასაკის ბავშვმა შეიძლება თქვას ძალიან ბევრი ტყუილი და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ყოველთვის არ არის “ტყუილი”. ძალიან ხშირად, ეს, მისი ფანტაზიის ნაყოფია, მისთვის აბსოლუტური ჭეშმარიტებაა და ამის გამო არ უნდა დავცინოთ, არ უნდა „ვამხილოთ“ და მით უმეტეს, არ უნდა დავსაჯოთ. უმჯობესია ავყვეთ მას ამ თამაშში. თუმცა, უნდა ვეცადით, ავუხსნათ მას – რა არის რეალობა და რა - ფანტაზია.

დედაჩემი მიამბობდა, რომ ბავშვობაში, როცა ეზოში თამაშობდა, ყორეში (ყორე ქვის ღობეს) შეამჩნია ხვრელი და შეეცადა შიგ შეეხედა. პირველ ცდაზე ვერაფერი დაინახა. შემდეგ, ჯერ თითქოს ბინდ-ბუნდში და მერე, სრულიად ნათლად გაარჩია დიდი მწვანე, ყვავილებში ჩაფლული ეზო, მაღალი ხეების უკან ოქროსფრად მოელვარე სასახლე და სასახლის წინ, ხეზე ოქროს ჯაჭვით დაბმული, უზარმაზარი კეთილი დათვი, რომელიც ნაღვლიანი თვალებით იყურებოდა და სათამაშოდ იწვევდა. (ზღაპარი: “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” მაშინ ჩვენში ცნობილი არ იყო). როცა ამის შესახებ სხვა ბავშვებსაც ვუთხარი და მათაც შეიხედეს ხვრელში, თავიდან, უმეტესობამ, ვერაფერი დაინახა. შემდეგ კი, ნელ-ნელა, ყველამ აღიარა, რომ იქ ნამდვილად იყო ოქროს სასახლე და ეზოში დაბმული დათვი და რამდენიმე წლის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად მივდიოდით ამის სანახავადო და ახლაც, 80 წლის შემდეგ, არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს, მხოლოდ ბავშვური ფანტაზია იყოო -ამბობდა დედა.
ეს არის პერიოდი, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თამაშის როლი. თამაშის პერიოდში ბავშვი ახდენს თავისი თავის იდენტიფიცირებას მშობლებთან, ნაცნობებთან (მაგ. ექიმთან ან ვთქვათ – ბაღის მასწავლებელთან) ან ზღაპრების გმირებთან. იგი თავის ფანტაზიის, გამოცდილების და ნანახი მაგალითების მიხედვით აყალიბებს და ცვლის თამაშის წესებს, ამყარებს ურთიერთობას თანატოლებთან და ამ პერიოდში და ამ პროცესში თავს იჩენს და შესამჩნევი ხდება, ის სოციალური ურთიერთობები და ის დეტერმინირებული ფაქტორები, რომელთა გავლენითაც ბავშვის ფსიქიკა ყალიბდება.
ანუ, თამაში, ერთი მხრივ, არის ხასიათის, ინტელექტის და ქცევის ფორმირების და მეორე მხრივ, ამ თვისებათა გამოვლენის საშუალება.
3 – 6 წლის ასაკში თანდათან ყალიბდება და მყარდება სქესის თვითშეგრძნება და სქესთა განსხვავებულობის აღქმა. ბავშვი ირჩევს მისი სქესისათვის შესაფერის ტანსაცმელსა და სათამაშოს. მაგ. გოგონები ძირითადად თამაშობენ თოჯინებით და თვითიდენტიფიკაციას ახდენენ დედებთან; ვაჟები თამაშობენ ბურთით, მანქანებით და იარაღით და თვითიდენტიფიკაციას ახდენენ მამებთან. თამაშის პერიოდში, ერთი მხრივ, ვლინდება სქესისათვის დამახასიათებელი ხასიათი და მეორე მხრივ, თამაშის ტიპის მიხედვით, კიდეც ყალიბდება ეს ხასიათი. ამიტომ, თამაშის თავისებურებას, თამაშის ხასიათს, სერიოზული მნიშვნელობა აქვს სქესის ფსიქოტიპის ფორმირების პროცესში. ამ პროცესებზე ყურადღების მიდევნება და ძალიან ფრთხილი კონტროლი, გარკვეული გან-მარტებები სქესთა განსხვავებულობის შესახებ და ზოგჯერ უხერხულ შეკითხ-ვებზე მოზომილი და დაკვირვებული პასუხები, მნიშვნელოვანია ბუნებრივი მოვლენების სწორი წარმართვისათვის. ასეთ საკითხებზე ბავშვებთან საუბარი, ბუნებრივია, ვერ წარიმართება უნიფიცირებული სქემითა და მეთოდებით. ეს დამოკიდებულია ქვეყნის, ეთნიკურ, გეოგრაფიულ და ოჯახის კულტურის, განვითარებისა და ტრადიციების თავისებურებაზე და უმჯობესია ეს გზა, ყველამ ინდივიდუალურად გაიაროს. თუმცა, ალბათ, უნდა არსებობდეს რაღაც გარკვეული, საერთო პრინციპები და შეხედულებები ბავშვისათვის ამგვარი ინფორმაციის მისაწოდებლად.
ამავე პერიოდში, ბავშვის ფსიქიკაში ჩნდება (თუ იღვიძებს) ისეთი მნიშვნელოვანი ცნებები (ფაქტორები), როგორიცაა რელიგიურობა, პატრიოტიზმი და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული კატეგორია – მორალი. შესაბამისად, ყალიბდება, ამ პერიოდისათვის, მარტივ შეხედულებათა და ქმედებათა თავისებურებები. ეს შეხედულებები დროთა განმავლობაში იცვლება. მაგრამ პირველი შეგრძნება, პირველი გამოცდილება, პირველი “სწავლება”- ძალიან მნიშვნელოვანია.
უფრო დაწვრილებით ინფორმაცის შეგიძლიათ გაეცნოთ წიგნში: „ბავშვი ჩვენს ოჯახში“. 2016 წ. რამაზ ღულაძე.