პირველადი იმუნოდეფიციტი

Medical House მარ 12,2018

იმუნიტეტი არის ორგანიზმის თავდაცვის უნარი, რომელიც მიმართულია ინფექციებსა და გადაგვარებულ (მაგ.: სიმსივნური) უჯრედებთან გასამკლავებლად. იმუნოდეფიციტი კი ნიშნავს იმუნური სისტების დარღვევას, რაც იწვევს ინფექციური, ალერგიული, აუტოიმუნური და სიმსივნური დაავადებების განვითარებას.

იმუნური სისტემის დარღვევა ანუ იმუნოდეფიციტი საკმაოდ ფართო თემაა, მაგრამ ამჯერად შემოვიფარგლებით ძირითადი დებულებებით.

პირველადი იმუნოდეფიციტი გენეტიკური მდგომარეობაა და, ძირითადად, ვლინდება დაბადებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში (მაქს. 3 წლამდე). ის მიმდინარეობს სხვადასხვა სისტემის განსხვავებული სიმძიმით მიმდინარე ინფექციებით (ფილტვების ანთება, ძვალ-სახსროვანი სისტემის ანთება, სეფსისი და ა.შ.). ზოგადად, ახასიათებს ხშირი ავადობა.

თუ ბავშვმა წელიწადში ორ ან მეტჯერ გადაიტანა ეს დაავადებები, მიზეზი შეიძლება იმუნოდეფიციტი აღმოჩნდეს, ამიტომ საჭიროა გამოკვლევა. დაავადების ზოგი ფორმა კარგად ემორჩილება მკურნალობას, დროული და სწორი სამედიცინო ჩარევა კი ბავშვის ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფს.

აქვე გიზიარებთ ტიპიური კლინიკური შემთხვევის მაგალითს. ჩვენს კლინიკაში მოიყვანა მშობელმა თავისი ორი ვაჟი, 3 და 4 წლის. ერთმა მათგანმა ბოლო 2 წლის განმავლობაში 4-ჯერ გადაიტანა ფილტვების ანთება, მეორემ კი ფილტვების ანთება და მენინგიტი. პაციენტებს ჩაუტარდათ სრული გამოკვლევა, მათ შორის, იმუნოდეფიციტისთვის საჭირო კვლევაც. ბავშვებს დაუდგინდათ პირველადი იმუნოდეფიციტის ის სახეობა, როდესაც ორგანიზმში არ გამომუშავდება ინფექციის საწინააღმდეგოდ მიმართული ცილის გარკვეული სახეობა. მათ დაენიშნათ მკურნალობა ე. წ. “შენაცვლეობის მეთოდით”, რაც ორგანიზმში აღნიშნული ცილის გარედან შეყვანას გულისხმობს. ეს პროცედურა პაციენტს თვეში ერთხელ უტარდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

ამის შემდეგ, ბავშვებს ინფექციური დაავადები აღარ შეყრიათ. თუმცა, იმ პაციენტს, რომელსაც მენინგიტი (თავის ტვინის გარსების ანთება) ჰქონდა გადატანილი, აღენიშნებოდა შეფერხება გონებრივ განვითარებაში, რაც დაგვიანებული დიაგნოსტიკის გამო მოხდა, ამისი თავიდან აცილება კი სავსებით შესაძლებელი იყო დროული მკურნალობის შემთხვევაში.

იმუნოდეფიციტი საკმაოდ აქტუალური პრობლემაა, რადგანაც ფიქრობენ, რომ დღეს ყოველ 500 დაბადებულ ბავშვზე 1 შესაძლებელოა დაავადებული იყოს. გამოვლენა, კი ზოგჯერ დაგვიანებით ხდება. დროულად მოგვმართეთ, რათა თავიდანვე დაიცვათ თქვენი პატარები იმუნოდეფიციტის დადგენის შემთხვევაში.