რკინის მნიშვნელობა ჩვენს ორგანიზმში

Medical House დეკ 03,2018

რკინა (Fe - ფერუმი) არის სისხლში არსებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი. ის ორგანიზმში ქსოვილებს აწვდის ჟანგბადს, წარმოქმნის სისხლის წითელ უჯრედებს, გავლენას ახდენს ჰემოგლობინსა და იმუნიტეტზე. გარდა ამისა, საჭირო რაოდენობის რკინა ორგანიზმში ფარისებრი ჯირკვლის, ტვინისა და სხვადასხვა ორგანოთა გამართულ მუშაობას უწყობს ხელს.

რკინის უკმარისობა, ძირითადად, იწვევს ანემიას. ეს მდგომარეობა შეიძლება სხვადასხვა მიზეზის გამო განვითარდეს, თუმცა, ყველაზე ხშირად გვხვდება ორსულებში, ბავშვებსა და მოხუცებში. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ორსულებში და მოზარდებში რკინის საჭიროება მატულობს, ხოლო ასაკოვნებში - ორგანიზმი ელემენტს უფრო რთულად ითვისებს.

რკინის უკმარისობის სიმპტომებია:

  • ქრონიკული დაღლილობა;
  • სისუსტე;
  • ფერმკრთალი კანი;
  • გულმკერდის ტკივილი, სწრაფი გულისცემა ან სუნთქვის გართულება;
  • თავის ტკივილი, თავბურსხვევა;
  • ცივი ხელ-ფეხი;
  • ენის ტკივილი ან ანთება;
  • მყიფე ფრჩხილები;
  • ცუდი მადა.

არამარტო რკინის ნაკლებობა, არამედ ორგანიზმში რკინის მაღალი შემცველობაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. ამიტომ, ექიმის დანიშნულების გარეშე რკინის მიღება დაუშვებელია!

ორგანიზმში რკინის მაღალი შემცველობა იშვიათობას წარმოადგენს. ასეთი მდგომარეობა შესაძლებელია გამოწვეული იყოს კვებითი დანამატების მიღებით, ქრონიკული დაავადებებითა და ალკოჰოლიზმით.

ორგანიზმში რკინის სიჭარბის სიმპტომებია:

  • კანის მოყვითალო შეფერილობა;
  • გულის რიტმის დარღვევა;
  • ღვიძლის გაზრდა;
  • წონაში დაკლება და სხვა.

რკინის სიჭარბემ საბოლოო ჯამში შეიძლება გამოიწვიოს: ღვიძლის დაავადებები, როგორიცაა ციროზი და კიბო; გულის უკმარისობა; ოსტეოართრიტი; ოსტეოპოროზი; ჰიპოთირეოზი და ეპილეფსია.

თუ რომელიმე სიმპტომი გაწუხებთ, საფრთხის თავიდან ასაცილებლად და საჭირო რეკომენდაციების მისაღებად, გთხოვთ, დროულად მოგვმართეთ.