ალერგიული რინიტი
ალერგიული რინიტი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. მწვავე ალერგიული რინიტი უფრო სეზონური ხასიათისაა, უპირატესად ვითარდება გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდებში და მისი გამწვავება ემთხვევა გარკვეულ მცენარეთა ყვავილობის პერიოდს. ქრონიკული (ანუ – უფრო, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე) ალერგიული რინიტი გამოწვეულია ან სხვადასხვა მცენარეთა ყვავილის მტვრით (ყვავილობა სხვადასხვა სეზონზე) ან უფრო ხშირად ე.წ. „ოთახის მტვერით“.
რინიტის კლინიკური სურათი, გამოხატულია ცხვირიდან თხელი, გამჭვირვალე, დიდი რაოდენობით გამონადენით (თუმცა, ზოგჯერ, პროცესში ერთვება ინფექცია და გამონადენი შეიძლება სქელი და ყვითლად შეფერილიც იყოს) ან პერიოდული გაჭედვით, როდესაც, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების გამო, მკვეთრად გაძნელებულია სუნთქვა, თუმცა – გამონადენი არაა. ზოგჯერ, შეიძლება, გამონადენი და გაჭედვა ერთმანეთს ცვლიდეს.
გარდა ამისა, გამოხატულია ცხვირის ქავილი, ცხვირცემინების პაროქსიზმები, რომელიც, უხშირესად, ინტენსიურია დილით გაღვიძებისას. ალერგიული რინიტის მქონე ადამიანებს ახასიათებთ ხელის დამახასიათებელი მოძრაობა – საჩვენებელი თითის გასმა ცხვირის წვერსა და ნესტოებზე, რასაც „ალერგიულ სალუტს „ უწოდებენ.
ალერგიული რინიტის სამკურნალოდ გამოიყენება ანტიჰისტამინური პრეპარატები (უპირატესობა ენიჭება II და III თაობის პრეპარატებს), როგორიცაა მაგალითად ცეტირიზინი, ლევოცეტირიზინი, ლორატადინი, დეზლორატადინი, ფექსოფენადიდი და სხვა. ლეიკოტრიენების რეცეპტორთა ბლოკერები ან სინთეზის ინჰიბიტორები (მაგ. მონტელუკასტი). ძალიან ეფექტურია კორტიკოს-ტეროიდების სპრეი. მიუთითებენ ფიზიოლოგიური ხსნარით ცხვირის გამორეცხვის ეფექტურობაზე (ხდება ცხვირის ღრუს გათავისუფლება ანთებითი ლორწოსა და შესუნთქული ალერგენებისაგან).
სეზონური ალერგიული რინიტის დროს, მკურნალობა უმჯობესია დავიწყოთ, სეზონის დაწყებანმდე 1 კვირით ადრე (თითქმის ყველა პაციენტმა იცის, რა დროს იწყება დაავადების გამოვლინება). ეს, უფრო ეფექტურსა და ადვილად მართვადს ხდის დაავადებას.
ალერგიული კონიუქტივიტი
ალერგიული კონიუქტივიტი არის თვალების ლორწოვანი გარსის ალერგილი ანთება. ისევე, როგორც ალერგიული რინიტი, კონიუქტივიტიც შეიძლება იყოს (უფრო ხშირად) მწვავე და ქრონიკული. უხშირესად გამოხატულია მწვავე, სეზონური კონიუქტივიტი, რომელიც ხშირადაა ასოცირებული ალერგიულ რინიტთან და ვითარდება ალერგიული რინო-კონიუქტივიტი.
ალერგიული კონიუქტივიტის დროს გამოხატულია თვალის სკლერების სიწითლე და ქავილი. პაციენტს აწუხებს „თვალებში სილის ჩაყრის“ შეგრძნება. დილით პაციენტი ხშირად იღვიძებს ე.წ. „ამოკერილი თვალებით“. ზოგჯერ პროცესში ჩართულია ქუთუთოებიც და ვითარდება ალერგიული ბლეფარო-კონიუქტივიტი.
სეზონური ალერგიული კონიუქტივიტის დროს, სიმპტომების განვითარება ემთხვევა რომელიმე მცენარის ყვავილობის პროცესს და გაივლის ამ მცენარის დაყვავილების შემდეგ.
ალერგიული კონიუქტივიტის მკურნალობის პრინციპი ისეთივეა, როგორც ალერგიული რინიტის: II და III თაობის H1-ბლოკერები. მწვავე შემთხვევაში რეკომენდირებულია თვალში ჩასაწვეთებელი კორტიკოსტეროიდები (მაგ. დექსამეტაზონის თვალის წვეთები). ასევე რეკომენდირებულია ე.წ. „პრეზერვატივები“, (მაგ. ქრომოგლიკანების პრეპარატების თვალის წვეთები), რომლებიც თვალში მოხვედრის შემდე, თხელ ფენად გადაეკვრება სკლერას და იცავს მას ალერგენის შეჭრისაგან).