ანორექსია და ბულემია

Medical House ივნ 13,2018

ანორექსია არის უკიდეურესი უმადობა. ამ დროს ადამიანი თითქმის შიმშილობს.

ბულემია არის საკვების მიღების დაუძლეველი სურვილი, რომლის დროსაც ადამიანი ჭარბად იკვებება.

სტატისტიკური მონაცემები ადასტურებენ, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში განვითარებულ ქვეყნებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ბავშვთა ანორექსიისა და ბულემიის შემთხვევები. აშშ-ში 100 ოჯახიდან 16-18 წლის ასაკის ერთ ბავშვს ანორექსია ან ბულემია აღენიშნება. დაავადების გამოვლინების რისკი იზრდება 14-18 წლის ასაკში. შემთხვევათა 25% მოდის 13 წლის ასაკემდე ბავშვებზე.

ანორექსიას შემდეგი მახასიათებლები აქვს:

  • გასუქების შიში, რომელიც არ მცირდება წონის პროგრესული კლების დროსაც კი;
  • ადამიანი მუდმივად ამოწმებს არა მხოლოდ სხეულის წონასა და ფორმას, არამედ სხეულის სხვადასხვა ნაწილებსაც და ეჩვენება, რომ ესა თუ ის ნაწილი “მსუქანია”;
  • ამ დროს ქალებში ვითარდება ამენორეა (წყდება მენსტრუალური ციკლის პერიოდი).

ანორექსიის მქონე პირებში გამოყოფენ 2 ჯგუფს:

  1. ე.წ. “რესტრიქტორები” - პირები, რომლებიც იზღუდავენ საკვების მიღებას;
  2. ბულემიის მქონე პირები - საკვებს იღებენ დიდი რაოდენობით და შემდეგ ხელოვნურად იწვევენ ღებინებას. ამ ჯგუფში შემავალ ადამიანებს ხელის თითებზე ხშირად აღენიშნებათ ექსკორაციები (დაზიანებები), რაც ღებინების ხელოვნურად გამოწვევის პროცესში ვითარდება.

გამომწვევი მიზეზები და ფსიქოდინამიკა

ანორექსია ხშირად იწყება ჩვეულებრივი (წონის დასაკლები) დიეტით. ეს პროგრესირებს და იწვევს ანორექსიას, როდესაც საკვებზე უარის თქმის მიზეზი და გასუქების შიში სრულაიდ უსაფუძვლოა. ამ მდგომარეობის განვითარების ხელშემწყობი მიზეზი პიროვნების ფსიქიკის თავისებურებაა და იმ ადამიანებში ვითარდება, რომლებიც თვითიზოლაციისკენ არიან მიდრეკილნი, აქვთ დაბალი თვითშეფასება და სხვა.

კლინიკური გამოვლინება

საკვები ნივთიერებების უკმარისობა იწვევეს სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის სერიოზულ დაზიანებას. ფატალური შედეგი - სიკვდილი - ვითარდება 10%-ის შემთხვევაში და ამის მიზეზი ელექტროლითების მძიმე დეფიციტი, კარდიალური არითმია (გულის მუშაობის რითმის დარღვევა) და გულის სხვა დაზიანებებია. ვითარებას ახასიათებს:

  • ბრადიკარდია - გულის მუშაობის შენელება;
  • ჰიპოტონია - არტერიული წნევის დაქვეითება;
  • ძილის დარღვევა;
  • იცვლება თერმორეგულაცია და სხეულის ტემპერატურა ეცემა 35 გრადუსამდე;
  • კანის სიმშრალე, სიფერმკრთალე;
  • თმის ცვენა და მტვრევადობა.

ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო მეტ-ნაკლებად ზიანდება ყველა ორგანო. იმუნიტეტის ფუნქციის დარღვევის გამო კი იწყება ინფექციური პროცესები.

მკურნალობა

მკურნალობის ძირითადი მეთოდი ფსიქოთერაპიაა, რაც უნდა გაიაროს არა მხოლოდ პაციენტმა, არამედ ოჯახის წევრებმაც. მედიკამენტური საშუალებებიდან კი პირველ რიგში გამოიყენებიან ანტიდეპრესანტები. ასევე, მნიშვნელოვანია დიეტოლოგის დახმარება.

თუ თქვენს გარშემომყოფებს ემუქრებათ ეს დაავადებები, დროულად მოგვმართეთ, რათა მოვახდინოთ სწორი რეიაგირება და თავიდან ავიცილოთ შემდგომი პრობლემები.