18-24 ნოემბერს მსოფლიოში ანტიბიოტიკების ცნობადობის კვირეული აღინიშნება.
ანტიბიოტიკები წარმოადგენენ ცივილიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევას და რადგან ეს უმნიშვნელოვანესი სამკურნალო საშუალება მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინეს, ქარხნული წესით წარმოება და სამკურნალო მიზნით მასიური გამოყენება კი ამავე საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყო, მე-20 საუკუნეს ანტიბიოტიკების ერასაც უწოდებენ.
ანტიბიოტიკების მნიშვნელობის დასახასიათებლად, სრულიად საკმარისია იმ ფაქტის გახსენებაც, რომ მის აღმოჩენამდე ისეთი ბაქტერიული დაავადებები, როგორიც იყო მაგალითად - ფილტვების ანთება, მენინგიტი თუ სეფსისი, პრაქტიკულად ფატალურ დიაგნოზს ნიშნავდა და მხოლოდ ერთეულ შემთხვევაში ხდებოდა გამოჯანმრთელება.
პირველი ანტიბიოტიკი, რომელიც 1924 წელს, ობის სოკოსაგან გამოჰყო ირლანდიური წარმოშობის მეცნიერმა – ალექსანდრე ფლემინგმა ცნობილია პენიცილინის სახელით. ამ პრეპარატმა მრავალი მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და მას დღესაც წარმატებით გამოიყენებენ.
მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან აღმოაჩინეს რამდენიმე სახის ბუნებრივი ანტიბიოტიკი და ასევე, სინთეზური გზით შექმნეს ამ პრეპარატის რამდენიმე სახეობა. ყველა ახალი ანტიბიოტიკი უფრო ეფექტური იყო მის წინამორბერდზე.
ანტიბიოტიკების აღმოჩენისა და შექმნის პირველ ეტაპზე გაჩნდა იმედი, რომ ბაქტერიული ინფექციები საბოლოოდ დამარცხდა და ეს პრობლემა აღარ იარსებებდა. თუმცა, პირველი ანტიბიოტიკის შექმნიდან დაახლოებით 20 წლის შემდეგ, უკვე ცხადი გახდა, რომ ბაქტერიებს გაუჩნდათ ანტიბიოტიკების მიმართ გამძლეობისა და შეჩვევის უნარი. პრეპარატები, რომლებიც მაღალი ეფექტით ხასიათდებოდნენ ამ მიკრობებთან ბრძოლაში, უკვე ვეღარ იწვევდნენ საჭირო ეფექტს. სწორედ ეს მიზეზი დაედო საფუძვლად სულ ახალ-ახალი სახის ანტიბიოტიკების წარმოებას.
თანდათანობით გაირკვა, რომ ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი მიკრობების გაჩენა ხდებოდა უფრო მეტად იმ შემთხვევაში, თუ ანტიბიოტიკები გამოიყენებოდა არასწორად და უსისტემოდ – მაგ: თუ იგი გამოიყენებოდა არა იმ დოზით და დროით, რომელიც ორგანიზმში არსებული პათოლოგიური ბაქტერიების სრული განადგურებისათვის იყო საჭირო. ან, თუ პრეპარატს იღებდა ისეთი პაციენტი, რომელიც არ იყო დაავადებული ბაქტერიული ინფექციით და ა.შ.
პრობლემას განსაკუთრებით ამძაფრებდა ის გარემოება, რომ ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი მიკრობების წინააღმდეგ ბრძოლა თანდათან შეუძლებელი ხდებოდა და ეს საშიშროებას წარმოადგენდა არა მხოლოდ იმ პაციენტისთვის, რომლის ორგანიზმშიც ეს მიკრობები განვითარდა და გამოიზარდა, არამედ სხვა ადამიანებისთვისაც, რომელთა ორგანიზმშიც ეს მიკრობი შეიძლება მოხვედრილიყო.
გამოირკვა, რომ ანტიბიოტიკები ანადგურებენ არა მხოლოდ მავნე ბაქტერიებს, არამედ ორგანიზმისთვის საჭირო ბაქტერიებსაც, რომლებიც აუცილებელია საკვების ნორმალური გადამუშავებისა და იმუნური სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვისაც.
ასევე გამოირკვა, რომ ანტიბიოტიკების ხშირი და ხანგრძლივი გამოყენება, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში, იწვევს ე.წ. „ალერგიული ფენოტიპის“ (ალერგიის მიმართ მიდრეკილი პირის) ფორმირებას და ასევე იმუნური სისტემის იმგვარად ფორმირებას, რომ პიროვნება არა მხოლოდ თავად ხდება ალერგიული, არამედ ამ თვისებას შთამომავლობასაც გადასცემს.
მოკლედ, დაგროვდა ძალიან ბევრი პრობლემა და დღეს დადგა იმის რეალური საშიშროება, რომ თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება, დღეისათვის არსებულმა, ანტიბიოტიკებმა დაკარგონ ანტიბაქტერიული თვისებები და კაცობრიობა დაუბრუნდეს „ანტიბიოტიკების ერამდე“ არსებულ მდგომარეობას.
ეს რომ ასე არ მოხდეს აუცილებებლია:
1. ანტიბიოტიკები უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და არავითარ შემთხვევაში თქვენი შეხედულების მიხედვით (უნდა იცოდეთ, რომ ანტიბიოტიკი მოქმედებს მხოლოდ ბაქტერიულ ინფექციაზე და არავითარი ეფექტი არ გააჩნია ვირუსული ინფექციის შემთხვევაში);
2. მაშინაც კი, როცა ანტიბიოტიკს ექიმი გინიშნავთ, მოითხოვეთ დასაბუთება – რისთვისაა ეს აუცილებელი (ანტიბიოტიკი არ გამოიყენება დაავადების საპროფილაქტიკოდ და იგი უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურებულია ბაქტერიული ინფექციის არსებობა);
3. ანტიბიოტიკის გამოყენების შემთხვევაში, ექიმს აუცილებლად მიაწოდეთ ინფორმაცია, წინად გამოყენებული ანტიბიოტიკების შესახებ და იმის შესახებ – გამოიხატა თუ არა რაიმე ფორმის ალერგიული ან სხვა სახის რეაქციები ამ დროს;
4. ანტიბიოტიკის გამოყენებისას ზუსტად დაიცავით ექიმის მითითება პრეპარატის დოზებისა და გამოყენების ვადების შესახებ. არ შეწყვიტოთ მისი მიღება ვადაზე ადრე მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ, მკურნალობის დაწყებიდან თუნდაც მეორე დღესვე.