რა განსხვავებაა საკვების მიმართ ალერგიასა და საკვების აუტანლობას შორის?

Medical House დეკ 26,2018

საკვების მიმართ ალერგიულობასა და მაღალ მგრძნობელობას შორის განსხვავება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ რეაგირებს ორგანიზმი საპასუხოდ.

ალერგია არის იმუნური რეაქციის გამოვლინება. ნორმალური იმუნური რეაქციისაგან განსხვავებით, ალერგიის დროს ვითარდება მძლავრი და გაუკუღმართებული რეაქცია, რაც იწვევს არა მხოლოდ ნივთიერების ინაქტივაციას და ორგანიზმიდან გამოძევებას, არამედ ორგანიზმის დაზიანებასაც.

იმის მიხედვით, თუ რომელ სისტემაში და ორგანიზმში ვითარდება ალერგიული რეაქცია, ალერგია შეიძლება გამოიხატოს შემდეგით:

  • გამონაყარი;
  • შეშუპება;
  • ქავილი;
  • ბრონქოსპაზმი;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • ნაწლავთა სპაზმი;
  • მუცლის ტკივილი;
  • ღებინება;
  • დიარეა;
  • არტერიული წნევის დაცემა;
  • შოკი და გულის გაჩერებაც კი (ანაფილაქსიური შოკი).

საკვები პროდუქტი ზოგჯერ იწვევს ასეთ მძაფრ რეაქციებს. მაგალითად, აშშ-ში ერთ-ერთი პირველი მიზეზი საკვები პროდუქტებით განვითარებული ანაფილაქსიისა არის მიწის თხილი - არაქისი. თუმცა, ასეთი ექსტრემალური რეაქციები მაინც უფრო იშვიათია და კვებითი ალერგიის ძირითადი გამოხატულება არის - ჭინჭრის ციება - ანუ ურტიკარია, რომელიც სწრაფად განვითარებული, ჭინჭრის ნასუსხის მსგავსი გამონაყრით და ქავილით ვლინდება.

საკვების მიმართ ინტოლერანტულობა, რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. აქედან ყველაზე ხშირი - გენეტიკურად განპირობებული ფერმენტული დეფექტებია, როცა შესაბამისი ფერმენტის არარსებობის ან ნაკლებობის გამო ადამიანი ვერ ითვისებს და ვერ იტანს რომელიმე საკვებ ინგრედიენტს, მაგალითად, ნახშირწყლებს, ცხიმს და ა.შ.

ასეთი დაავადებაა გალაქტოზემი - როცა ადამიანი, შესაბამისი ფერმენტული დეფექტის გამო ვერ გადაამუშავებს, ვერ იტანს რძის შაქარს. ამის გამო, ახალშობილობის პერიოდიდანვე, რძის მიღების შემდეგ, იწყება - ღებინება, დიარეა, მუცლის შებერილობა და სხვა.

საკვებზე მგრძნობელობა და აუტანლობა უფრო ხშირია, ვიდრე საკვების მიმართ ალერგიულობა. საკვებზე მგრძნობელობა არ არის სახიფათო თქვენი სიცოცხლისათვის.

გამოკვლევებისა და დაკვირვებების შედეგად გამოიყო 9 პროდუქტი, რომელიც ხშირად იწვევს ალერგიულ რეაქციას, ესენია:

  • რძე;
  • კვერცხი;
  • თევზი;
  • მოლუსკები;
  • არაქისი;
  • თხილი;
  • ხორბალი;
  • სოიო.

გახსოვდეთ, რომ საკვებზე აუტანლობისაგან განსხვავებით, ალერგია შესაძლოა სიცოცხლისათვის საშიში აღმოჩნდეს. თუ საკვებზე რეაქცია გაქვთ, ნუ უგულებელყოფთ სიმპტომებს, დროულად მოგვმართეთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!