ალბათ საკმაოდ ხშირად მოგისმენიათ, რომ ადამიანი უჩივის გულძმარვას, პირში მჟავე გემოს, პერიოდულ ყრუ ტკივილს გულმკერდის არეში. და ამბობს, რომ “მაღალი სიმჟავიანობა აქვს”. თუმცა, უფრო ხშირად, ეს სიმპტომები ე.წ. გასტროეზოფაგური რეფლუქსის შედეგია და ეს მდგომარეობა ზრდასრული მოსახლეობის 30% – 40%-ს აღენიშნება.
ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში, ჩველებრივ, მიღებული საკვები, საყლაპავიდან გადადის კუჭში და იმის გამო, რომ საყლაპავის ქვემო სპინქტერი ნორმალურად მუშაობს, უკან, საყლაპავში ვეღარ ბრუნდება.
გასტროეზოფაგული რეფლუქსი არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც საყლაპავის ქვედა სპინქტერის არასრული დახურვის გამო, კუჭის შიგთავსის ნაწილს შეუძლია დაბრუნდეს საყლაპავში და პირის ღრუშიც კი, რაც კლინიკურად, გულმკერდის არეში ტკივილისა და წვის შეგრძნებით ვლინდება.
გასტროეზოფაგური რეფლუქსი საკამოდ ხშირია ახალშობილებში და აქ, ეს მდგომარეობა ღებინებით, ჭირვეულობით, ძილის დარღვევით და წონის მატების შეფერხებით ვლინდება. გარდა ამისა, კუჭიდან საკვების მასის საყლაპავში და პირის ღრუში მოხვედრის შემდეგ, ის შეიძლება სასუნთქ სისტემაშიც მოხვდეს და ე.წ. ასპირაციული ფილტვების ანთება გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში იშვიათი არაა მორესიდივე (ხშირად განმეორებადი ფილტვების ანთების განვითარება. ამ მდგომარეობისათვის დამახასიათებელია გახანგრძლივებული ხველის ეპიზოდები და ხმაურიანი სუნთქვა (ე.წ. ვიზინგი).
მჟავე რეაქციის მქონე კუჭის შიგთავსის, საყლაპავში მოხვედრის შემდეგ, შეიძლება განვითარდეს საყლაპავის ლორწოვანის ანთება, ლორწოვანის შესქელება, საყლაპავის პერისტალტიკის (ტალღური მოძრაობა, რომელიც აუცილებელია საკვების ნორმალური გადაადგილებისათვის) დარღვევა და ამის გამო ყლაპვის გაძლება და მტკივნეულობაც კი. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს საყლაპავიდან სისხლდენა, რომელიც უფრო ხშირად, უმნიშვნელოა, თუმცა, შეიძლება იყოს მასიურიც. შემდგომში შეიძლება განვითარდეს საყლაპავის წყლულიც და მყარი საკვების მიღების სერიოზული შფეხება.
დიაგნოზი ისმება კლინიკური მონაცემებისა და ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე (გასრტოსკოპია).
მკურნალობა გულისხმობს დიეტოთერაპიას (მცირე ულუფის საკვების ხშირი მიღება. ცხარე, მჟავე და მარილიან საკვებზე, ალკოჰოლზე, სიგარეტზე, ყავასა და შოკოლადზე უარის თქმა).
სასურველია, ძილის დროს, ისეთი მდგომარეობის შერჩევა, რომ თავი იყოს მაქსიმალურად წამოწეული (საუკეთესო ვარიანტია ნახევრად წამომჯდარი მდგომარეობა, რომ კუჭის შიგთავსი ადვილად ვერ გადავიდეს საყლაპავში).
მედიკამენტებიდან გამოიყენება ანტაციდები (კუჭის წვენის სიმჟავის დამაქვეითე-ბელი საშუალებები) და საყლაპავისა და კუჭის მოტორიკის მარეგულირებელი პრეპარატები.
მძიმე შემთხვევებში საჭიროა ქირურგიული ჩარევა.
საერთოდ კი,გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი მართვადი დაავადებაა და დროული და სწორი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემთხვევაში, მდგომარეობის სრული კონტროლია შესაძლებელი.
თუ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ეჭვი გაგიჩნდათ, რომ თქვენ, შეიძლება, გასტროეზოფაგური რეფლუქსი გაწუხებთ მიმართეთ ჩვენი კლინიკის გასტროენტეროლოგიურ სამსახურს. თქვენ მიიღებს სრულ და ამომწურავ ინფორმაციას ამ დაავადების შესახებ და გექნებათ საშუალება ჩაიტაროთ საჭირო დიაგნოსტიკური კვლევა და მიიღოთ შესაბამისი მკურნალობა.
.