ინფექციური ერითემა ანუ მეხუთე დაავადება

Medical House აგვ 03,2017

ჩვენ, შედარებით კარგად ვიცნობთ ბავშვთა ასაკის 4 ინფექციურ დაავადებას, რომებიც კანის დაზიანებით მიმდინარეობს. ესენია: წითელა, წითურა, ჩუტყვავილა და ქუნთრუშა. მაგრამ მათ გარდა არსებობს შედარებით ნაკლებად ცნობილი ე.წ. მე-5 და მე-6 დაავადება, რომლებიც კანის დაზიანებით, გამონაყარით, ეგზანთემით (კანის სიწითლე) მიმდინარეოიბს და უპირატესად ბავშვებში გვხვდება და რომელთა გამოვლინება ხშირად ხდება გარკვეული დაბნეულობის მიზეზი არა მხოლოდ მშობლებში არამედ ექმენშიც.

ინფექციური ერითემა ანუ მეხუთე დაავადებას იწვევს ვირუსი. უპირატესად ავადდებიან 5 – 15 წლის ასაკის ბავშვები. დაავადება მიმდინარეობს ინტოქსიკაციის გარეშე, დამახასიათებელია ბადისებური გამონაყარი.
დაავადება განსაკუთრებით გადამდებია გამონაყარის წინა პერიოდში. და რადგან, ამ დროს, ბავშვის საერთო მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია, იგი კონტაქტშია სხვა ბავშვებთან და დაავადება ვრცელდება მათზეც.
კლინიკა
დაინფიცირებიდან დაავადების გამოვლენამდე პერიოდი, მერყეობს 7-21 დღემდე.
დაავადება იწყება ერთბაშად, ნორმალური ან სუბფებრილური ტემპერატურის ფონზე. დამახასიათებელი გამონაყარი ჩნდება სამ ეტაპად: დასაწყისში ვლინდება მკაფიო სიწითლე ლოყებზე, რასაც "ალიყურის" ან „სილის გაწვნის“ სინდრომს უწოდებენ. ამის შემდეგ, მოწითალო, ლაქოვან-პაპულოზური გამონაყარი ჩნდება ტანზე და კიდურებზე. შემდეგ გამონაყარის ცალკეული ელემენტები ერთიანდებიან. ზოგჯერ გამონაყრი ჩნდება ჯერ ტანზე და შემდეგ – სახეზე.

ცხვირის წვერისა და ტუჩების ირგვლივ, კანი რჩება ფერმკრთალი. ცხვირის ზურგისა და ლოყების სიწითლე ქმნის "პეპელას ფრთების" სურათს. პირველ ან მეორე დღეს გამონაყარი გადადის მთელ ტანსა და კიდურებზე.

გამონაყარი გაფერმკრთალებას იწყებს ცენტრიდან და იღებს ბადისებურ ფორმას. დამახასიათებელია ზომიერი ქავილი.
გამონაყარის ხანგრძლივობა მერყეობს 2-დან 39 დღემდე. გამონაყარის ალაგების შემდეგ არ ჩნდება კვალი და არ ახასიათებს აქერცვლა. პერიოდულად, შესაძლოა აღინიშნოს განმეორებითი გამონაყარი, რაც უკავშირდება ორგანიზმის გადაღლას, სტრესულ მდგომარეობას, ცხელი აბაზანის მიღებას და სხვა.
დაავადება მოზრდილებში მიმდინარეობს უფრო მძიმედ ვიდრე მცირე ასაკის ბავშვებში და შეიძლება გამოვლინდეს ზოგადი ინტოქსიკაცია, თავის ტკივილი, ცხვირისა და ხახის ლორწოვანის ანთება და კუჭ-ნაწლავის პრობლემები.
მკურნალობა
სპეციალურ მკურნალობა საჭირო არ არის. საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ ტემპერატურის დამწევი და ტკივილდამაყუჩებელი საშუალებები. ცალკეული პათოლოგიური სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ექიმის მიერ, ინიშნება შესაბამისი მკურნალობა.