კონტრაცეპტივების სახეები და გამოყენების გზები

Medical House ივნ 28,2018

გარკვეული პრობლემების თავიდან ასარიდებლად, საჭიროა სექსუალურად აქტიურ ქალსა და მამაკაცს ინფორმაცია ჰქონდეთ თავდაცვის საშუალებებზე. სქესობრივი განათლების მიღება მნიშვნელოვანი წინაპირობაა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და ყველა იმ პრობლემისგან თავის დასაცავად, რაც სქესობრივ ცხოვრებას მოჰყვება. დღეს მთელ მსოფლიოში დგას სქესობრივი ცხოვრების ნაადრევად დაწყებისა და არასასურველი ორსულობის პრობლემაც.

თავდაცვის საშუალებები ორ ჯგუფად იყოფა: კონტრაცეპციის ბარიერული და ჰორმონალური მეთოდები.

კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდი

კონდომი არის ერჯერადი მოხმარების საშუალება, რომელიც ხელს უშლის სპერმის საშოში მოხვედრას და იცავს ქალს არასასურველი ორსულობისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისაგან, მათ შორის შიდსისგანაც. კონდომი ადვილად ხელმისაწვდომია.

საფრთხეები: გამოყენების დროს ის შეიძლება დაზიანდეს, რაც ქმნის ორსულობისა და დაავადებებით დაინფიცირების საფრთხეს.


დიაფრაგმა და სპირალი თავსდება საშოში და ხელს უშლის სპერმის შეღწევას საშვილოსნოში, რითაც იცავს ქალს ორსულობისგან. მისი ჩაყენება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალისტის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში. ორივე ხანგრძლივი გამეყენებისაა.

საფრთხეები: დიაფრაგმა და სპირალი ვერ იცავენ პარტნიორებს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან.

სპერმაციდები წარმოდგენილია სხვადასხვა საშუალებებით, როგორებიცაა სანთლები და კრემები. ეს გამოიყენება უშუალოდ სქესობრივი აქტის წინ, თავსდება საშოში და ახდენს სპერმის ინაქტივაციას, რითაც იცავს ქალს არასასურველი ორსულობისგან.

საფრთხეები: ასეთი დაცვა არ არის სრულყოფილი, ეს მაინც ტოვებს დაორსულების შანსს. გარდა ამისა, არ იცავს პარტნიორებს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან.

კომბინირებული ეწოდება ისეთ მეთოდს, როდესაც სქესობრივი აქტის დროს მამაკაცი იყენებს კონდომს, ხოლო ქალბატონი - სპერმაციდს. ეს მეთოდი უფრო ეფექტურია, ვიდრე თითოეული ცალ-ცალკე. ამ შემთხვევაში ნაკლებია როგორც არასასურველი ორსულობის, ისე დაავადებების განვითარების შესაძლებლობა.

ჰორმონალური მეთოდები

ჰორმონალური კონტრაცეპტივი შეიძლება იყოს როგორც პერორალური (დასალევი), ისე საინექციო. პერორალური ჰორმონული კონტრაცეპტივები მიიღება ყოველდღიურად, გარკვეული პერიოდების განმავლობაში. საინექციო - ასევე მიიღება პერიოდულად, მაგალითად: თვეში ერთხელ. ეს ორი გამოსაყენებლად მარტივი და კომფორტული საშუალებებია. თუმცა, მათაც გააჩნიათ საფრთხეები.

საფრთხეები: გულ-სისხლძარღვთა (რისკი თითქმის 2-ჯერ მეტია მწეველებში), ღვიძლის და სხვა ორგანოების დაზიანების შესაძლებლობა. ამიტომ, ასეთი კონტრაცეპტივები უნდა დანიშნოს ექიმმა და მათი ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში საჭიროა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული მონიტორინგი.

თუ გჭირდებათ კონსულტაცია ამ საკითხებზე, მოგვმართეთ, რათა მიიღოთ პროფესიონალის რჩევა.