რა არის წითელა?

Medical House თებ 14,2018

წითელა მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელიც ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით. წითელას შეიძლება ძალიან სერიოზული და ხანდახან სიცოცხლისთვის საშიში გართულებები სდევდეს თან. მათ შორის ფილტვებისა (პნევმონია) და თავის ტვინის (ენცეფალიტი) ბაქტერიული ინფექციებია.


წითელას სიმპტომები

წითელას საწყისი სიმპტომები, ინფიცირებიდან დაახლოებით 10-12 დღის განმავლობაში ვლინდება, ესენია:

  • გაციების მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა ცხვირიდან გამონადენი, ცემინება და ხველა;
  • წითელი, სინათლეზე მგრძნობიარე თვალები;
  • მაღალი ტემპერატურა (ცხელება), რომელმაც შეიძლება მიაღწიოს 40 გრადუსამდე;
  • მონაცრისფრო თეთრი ფერის ლაქები პირის ღრუსა და ყელში;
  • რამდენიმე დღეში ჩნდება მოწითალო-მოყავისფრო ლაქები, რომლებიც ჩვეულებრივ თავის ან კისრის გარშემო, შემდეგ კი მთელ სხეულზე ვრცელდება.

წითელას გეგმიური აცრები ბავშვებისათვის თითქმის ყველა ქვეყანაში ჯანდაცვის სამოქმედო გეგმის ნაწილს წარმოადგენენ. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია გლობალური პრობლემის გადაწყვეტის პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ 2000 წელთან შედარებით (550,100), წითელათი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2016 წლის მონაცემებით (89,780) დაახლოებით 84%-ით შემცირებულია, აფრიკისა და აზიის ტერიტორიებზე კვლავ აქტუალურია ეს პრობლემა.


ვის ემუქრება წითელა?

სერიოზული გართულებების განვითარების რისკის მქონე პაციენტების უმრავლესობა 12 თვემდე ასაკის ჩვილები არიან. განსაკუთრებით კი ისინი, ვინც განიცდის A ვიტამინის ნაკლებობას, ასევე სუსტი ჯანმრთელობის მქონე ბავშვები ან ისეთები, ვისაც გადატანილი აქვთ მძიმე სახის დაავადება.

ავადმყოფობის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი ძლიერდება და იმის ალბათობა, რომ ადამიანს მეორედ დაემართება წითელა, ძალიან მცირეა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით, სასურველია წითელას აცრა გაიკეთოს ყველამ, ვისაც არ აქვს გადატანილი ეს დაავადება ბავშვობაში.

გვახსოვდეს, რომ არავაქცინირებული პირი საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ, ასევე მის გარშემო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს!