რა არის წყლულოვანი კოლიტი

Medical House იან 25,2017

წყლულოვანი კოლიტი მსხვილი ნაწლავის ლორწოვანისა და ლორწქვეშა გარსების ანთებითი დაავდებაა. ყველაზე ხშირად ზიანდება რექტალური არე (წყლულოვანი პროქტიტი). ზოგადად სწორი ნაწლავის დაზიანების გარეშე წყლულოვანი კოლიტი იშვიათია. ქრონიკული ანთების შედეგად ნაწლავის ზედაპირზე იწყება უჯრედების კვდომა, რასაც მოჰყვება წყლულის ჩამოყალიბება, წყლულიდან შესაძლებელია განვითარდეს სისხლდენა ან მოხდეს მისი დაჩირქება. დაავადება შესაძლებელია განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა უმეტესად 15-30 წლის ასაკში იჩენს თავს. შედარებით ხშირია ქალებში. წყლულოვანი კოლიტის გამომწვევი მიზეზი უცნობია, მკვლევარები ფიქრობენ , რომ ზოგადად ერთ-ერთ გამომწვევ ფაქტორს წარმოადგენს სტრესი.

დამახასიათებელი სიმპტომატიკა

  • ტკივილი მუცლის არეში;
  • სისხლიანი განავალი;
  • დიარეა;
  • ცხელება;
  • რექტალური ტკივილი;
  • წონაში კლება;
  • ზოგადი საერთო სისუსტე;
  • მუცლის ყურყური.

დიაგნოსტიკა:

დეტალური ანამნეზის შეკრება, ფიზიკალური გასინჯვა, კოლონოსკოპია, რექტორომანოსკოპია, ასევე ანთებისა და ანემიის მაჩვენებელი ანალიზები (სისხლის საერთო, ერითოციტების დალექვის სითქარე (ე.დ.ს) C რეაქტიული ცილის განსაზღვრა)

მკურნალობა მოიცავს ცხოვრების წესის შეცვლას, დიეტას, ასევე მედიკამენტურ და ქირურგიულ მკურნალობას. მედიკამენტური მკურნალობა ძირითადად მიმართულია ანთების შესამცირებლად, ხოლო ქირურგიული ჩარევა რეკომენდირებულია, როდესაც აღნიშნული დაავადება რთულდება სისხლდენით ან ხდება ქრონიკული წყლულოვანი პროცესის ავთვისებიანად გარდაქმნა.