სეზონური გრიპი - როგორ დავიცავთ თავი?

Medical House ოქტ 16,2018

იწყება წლის ცივი სეზონი და იმატებს სასუნთქი სისტემის ვირუსული დაავადებების სიხშირე. ამ დროს თავს იჩენს სეზონური გრიპი, რომელსაც სხვადასხვა სახის ვირუსი იწვევს (მაგ.: ადენოვირუსი, რესპირატორულ-სინციტიალური, პარაგრიპის და სხვა ვირუსები). ვირუსების პრევენციისათვის, დროულად დაგვიკავშირდით ვაქცინაციის გასაკეთებლად. ამ ბლოგის მეშვეობით კი გაიგეთ მეტი სეზონური ვირუსების შესახებ.

დაავადებების კლინიკური გამოვლინებაა სხეულის ტემპერატურის მატება (37-38 გრადუსი), ყელის ტკივილი, თვალების წვა და ტკივილი, სურდო და ზოგადი ინტოქსიკაცია (სახსრების, კუნთების, თავის ტკივილი და საერთო სისუტე). შესაძლებელია ისეთი გართულებები, როგორიცაა რინოსინუსიტი, ბრონქიტი და ფილტვების ანთება.

დაავადება მიმდინარეობს დაახლოებით 7 დღე (იშვიათად 14 დღემდე იწელება); არ საჭიროებს განსაკუთრებულ მკურნალობას, მისაღებია მსუბუქი, სიმპტომური თერაპია (სიცხის დამწევი პრეპარატები, ტკივილგამაყუჩებლები, პირველი თაობის ანტიჰისტამინური საშუალებები, ცხვირის გამორეცხვა ფიზიოლოგიური ხსნარით, ოპტიმალური რაოდენობით სითხის მიღება). სპეციალური გამოკვლევების ჩატარება აუცილებელი ხდება იმ შემთხვევაში, თუ დაავადება გრძელდება 7 დღეზე მეტ ხანს და უარესდება პაციენტის საერთო მდგომარეობა.

გრიპის დროს განსაკუთრებული დაკვირვება სჭირდებათ 1 წლამდე ასაკის ბავშვებს, მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებსა და ხანდაზმულებს. მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი მკურნალობა.

ჩვეულებრივი გაციებისგან განსხვავებით სეზონური გრიპი სხვადასხვა კატეგორიის ვირუსული ინფექციაა. ის მძიმედ მიმდინარეობს და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგანაც შესაძლებელია მოჰყვეს გართულება. გრიპიც, ისევე როგორც გაციება, განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებსა და ხანდაზმულ ადამიანებში.

სეზონურ გრიპს იწვევს 3 სახის ვირუსი - A, B და C. ამ ვირუსებს ახასიათებთ მაღალი კონტაგიოზურობა (ადვილად ვრცელდებიან დაავადებული ადამიანების მეშვეობით, საგნებიდან ჯანმრთელ ინდივიდებზე გადადიან და აინფიცირებენ მათ) და იწვევენ მოსახლეობის მასიურ ავადობას.

ვირუსის A ტიპი საშიშია სიცოცხლისათვის და ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ წინა საუკუნის 50-იან წლებში ესპანეთიდან გავრცელებულმა სეზონურმა გრიპმა, რომელსაც “ისპანკას” უწოდებდნენ, რამდენიმე მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გრიპის კლინიკური სიმპტომები ისეთივეა, როგორც გაციების, თუმცა უფრო მძიმედ გამოიხატება: მაღალი სიცხე (38,5<), ყელის ტკივილი, რინიტი, ხველა, მძიმე ზოგადი ინტოქსიკაცია. შეიძლება მოჰყვეს ისეთი გართულებები, როგორიცაა სინუსიტი, ბრონქიტი და პნევმონია. ამ დაავადების მკურნალობა იგივე პრინციპით მიმდინარეობს, როგორც გაციების. საჭიროების შემთხვევაში, ანტივირუსული პრეპარატების მიღებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

გრიპისაგან დაცვის საუკეთესო საშუალებად პრევენცია ითვლება: ჰიგიენის დაცვა, პირბადის ტარება, პროფილაქტიკური ვაქცინაცია (ტარდება ყოველწლიურად, ნოემბრის შუა რიცხვებიდან). ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზემოთ ჩამოთვლილი საფრთხეში მყოფი პირებისთვის: მცირეწლოვანი ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონე და ასაკოვანი პირები.


ვაქცინაციის ჩასატარებლად და სხვა სახის კონსულტაციისთვის მოგვმართეთ.