სისხლის შედედების მექანიზმი

Medical House აპრ 29,2019

სისხლი, ცოცხალი ორგანიზმის თხევადი ქსოვილია. იგი გულის ტუმბოს საშუალებით ცირკულირებს სისხლძარღვებში და სხვადასხვა ორგანოების ქსოვილებს ამარაგებს საკვები ნივთიერებითა და ჟანგბადით. სისხლი შედგება თხევადი კომპონენტების - პლაზმის, მასში გახსნილი ცილების და სხვადასხვა აგებულებისა და ფუნქციის უჯრედებისაგან.

სისხლის ცირკულაციის უნარი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორებიცაა: გულის კუნთის ფუნქცია, სისხლძარღვების ტონუსი, სისხლის სიბლანტე და სხვა. თუ სისხლის სიბლანტე და შედედების უნარი გაიზარდა, ამ შემთხვევაში, მოსალოდნელია სისხლის მკვრივი მასების წარმოქმნა და სისხლძარღვებში მისი გადაადგილების შეფერხება, რაც სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

საბედნიეროდ, ორგანიზმს გააჩნია მრავალკომპონენტიანი სისტემა, რომელიც ცილების, ფერმენტების, იონებისა და სხვა უჯრედებისგან შედგება. იგი სისხლის შედედების პროცესს არეგულირებს და ინარჩუნებს მის ფიზიოლოგიურ დონეს. საჭიროების შემთხვევაში, ეს სისტემა აქტიურდება და იცავს ორგანიზმს, როგორც სისხლის შედედებისგან, ისე შედედების უნარის დაქვეითებისგან. თუმცა, შესაძლებელია, ამ დამცავი სისტემის თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიის გამო, დაირღვეს სისხლის შედედების ფიზიოლოგიური უნარი და სხვადასხვა პათოლოგია განვითარდეს. ასეთი ტიპის პათოლოგია შეიძლება იყოს ჰემოფილია, როდესაც ადამიანის ორგანიზმს დაკარგული აქვს სისხლის შედედების უნარი. ამ დროს, მცირე ტრამვის დროსაც შეიძლება განვითარდეს ძლიერი სისხლდენა.

არსებობს სხვა პათოლოგიაც, რომლის დროსაც, ორგანიზმში გაზრდილია სისხლის შედედების უნარი. ასეთ შემთხვევებში, არსებობს თრომბის განვითარების დიდი ალბათობა. გარდა ამისა, მოსალოდნელია სისხლის მიმოქცევის სრული შეწყვეტა.

იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზმის სარეგულაციაო მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ სისხლის სიბლანტის ფიზიოლოგიური ნორმის დაცვას, საჭიროა მედიკამენტოზური ჩარევა, რომელიც ყველა კონკრეტულ შემთხვევებში, მოვლენის კონკრეტული მიზეზის გათვალისწინებით, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს.

დაგვიკავშირდით.