ჰიპერაქტიური ბავშვები და ყურადღების დეფიციტი

Medical House თებ 13,2017

ბავშვები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თავიანთი ტემპერამენტით, ინტელექტით და შესაბამისად – ქცევის თავისებურებით.

ტემპერამენტის ფაქტორებიდან გამომდინარე, ბავშვი შეიძლება იყოს აქტიური, მოძრავი, ენერგიული ან პირიქით – მოდუნებული, ინერტული და ჩაკეტილი. მაგრამ, ეს თვისებები, გარკვეულ ზღვრამდე ნორმალურად მიიჩნევა და საგანგაშო ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ბავშვის ქცევა ხელს უშლის მას გარემოსთან ადაპტაციაში, მისი ქცევა არის არაადეკვატური, არალოგიკური და დისკომფორტს უქმნის გარშემო მყოფთ.

ასეთი ქცევების მაგალითია ჰიპერაქტივობა (გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობა) და ყურადღების დეფიციტი.

ასეთ ბავშვებში გამოხატულია ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტი (ბავშვს არ შეუძლია ერთ საგანზე, ერთ ქმედებაზე კონცენტრაცია. ვერ ამთავრებს დაწყებულ საქმეს. არის იმპულსური და ვერ აკონტროლებს თავის ქმედებას) და გადაჭარბებული მოტურული აქტივობა (სულ მოძრაობს. თითქოს არასოდეს არ იღლება, “ვერ აჩერებს ხელებს”. იღებს საგნებს მაგიდიდან და უცვლის მათ მდებარეობას და ა.შ.). ასეთი ბავშვები ვერ აკონტროლებენ ემოციას, არიან ჭირვეულები, აგრესიულები, აქვთ თანატოლებთან და პედაგოგებთან ურთიერთობის პრობლემები. იმის გამო, რომ უძნელდებათ ერთ ქმედებაზე, ერთ საგანზე კონცენტრაცია – უჭირთ სწავლა.

ზოგ შემთხვევაში, ყურადღების დეფიციტი გამოხატულია არა ჰიპერაქტივობასთან, არამედი პირიქით – ინერტულობასთან და სიზანტესთან ერთად.

ჰიპერაქტივობის ნიშნები, ჯერ კიდევ, ჩვილობის პერიოდში შეიძლება გამოვლინდეს. ამ ასაკში გამოხატულია უმიზეზო მოუსვენრობა, ჭირვეულობა, ძილის დარღვევა. 3 წლის ასაკში ჰიპერაქტივობისა და ყურადღების დეფიციტის ნიშნები უკვე კარგადაა გამოხატული. თუმცა, ეს ყველაფერი, მთელი სიმძაფრით, თავს სკოლის ასაკიდან იჩენს, როცა ბავშვი ახალ გარემოში ხვდება, რაც მისგან განსხვავებულიტიპის აზროვნებას, ყურადღების კონცენტრაციას და რიგი ამოცანების გადაწყვეტის უნარს მოითხოვს.

ჰიპერაქტივობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომის გამომწვევი მიზეზები ბოლომდე ახსნილი არ არის. თუმცა, ბოლო ხანებში გაირკვა, რომ ამ სინდრომის მქონე ბავშვებში გაძლიერებულია ნივთიერებათა ცვლა და ნერვული იმპულსების გადაცემის პროცესი.

დადასტურებულია ისიც, რომამ სინდრომის მქონე ბავშვთა კვების რაციონიდან ზოგიერთი საკვები პროდუქტის ამოღება (შოკოლადი, ხილის წვენები, შაქრის შემცველი საკვები, სინთეზური კონსერვანტები, საკვები არომატიზატორები, სხვადასხვა ალერგენები) აუმჯობესებს ძილს და ამცირებს მოტორულ ჰიპერაქტივობას. მდგომარეობას ასევე აუმჯობესებს მაგნიუმითა და B-ვიტამინით მდიდარი საკვები (შვრია, წიწიბურა, ხოცი, რძის პროდუქტი).

ჰიპერაქტივობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომის დიაგნოზის დასმა რთული არ არის და ყველა მშობელს, რომელსაც ამ მდგომარეობის შესახებ გარკვეული ინფორმაცია აქვს, ბავშვისათვის შესაბამისი ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში, შეუძლია ეჭვი მიიტანოს მის არსებობაზე.

მიუხედავად ამისა, იშვიათი არ არის შემთხვევა, როცა დედას ბავშვი ექიმთან მიჰყავს სრულიად სხვა მიზეზით და კონსულტაციისას ბავშვი წუთითაც არ ჩერდება ერთ ადგილზე - დარბის ოთახში, ხელს ჰკიდებს ყველაფერს, მაგიდიდან ჰყრის საგნებს, ერთმანეთში ურევს ფურცლებს, ერევა საუბარში და არ რეაგირებს დედის თხოვნაზე – დაწყნარდეს. დედა ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ ბავშვი უბრალოდ ცელქია, მოუსვენარია და იმედი აქვს, რომ ეს ყველაფერი ასაკთან ერთად გაივლის. შემდეგ კი საუბარში ირკვევა, რომ ბავშვს პრობლემები აქვს სკოლაში, უჭირს სწავლა, დამახ-სოვრება, თანატოლებთან ურთიერთობა და პედაგოგის მოსმენა. ანუ – სინამდვილეში, საქმე გაცილებით სერიოზულადაა და ბავშვს პედიატრისა დაფსოქოლოგის გადაუდებელი დახმარება სჭირდება.

ანუ, თუ ამჩნევთ, რომ თქვენი შვილი:

  • მცირე ასაკიდან, უმიზეზოდ ჭირვეულობს, ცუდად სძინავს, კრთება ძილში, ხშირად ტირის უმიზეზოდ.
  • აგზნებულია, აგრესიულია, დიდხანს ვერ ჩერდება ერთ ადგილზე
  • სკოლაში უჭირს გაკვეთილზე ჯდომა, მასწავლებლის მოსმენა, თანატოლებთან კონტაქტი.
  • ვერ მიჰყავს დაწყებული საქმე ბოლომდე. წყვეტს მეცადინეობას დაწყებიდან რამდენიმე წუთში და გარბის სათამაშოდ.
  • უჭირს წაკითხულის ან ნაამბობის დამახსოვრება და გამეორება.
  • ლაპარაკობს ბევრს და არ ამთავრებს აზრს, ისე გადადის სხვა თემაზე.
  • ან, ყურადღების დეფიციტთან ერთად, გამოხატულია ხაზგასმული ინერტულობა.

აუცილებლად და დაუყოვნებლივ მიმართეთ პედიატს და ბავშვთა ფსიქოლოგს.

ჰიპერაქტიული და ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვები საკმაო დისკომფორტს უქმნიან გარშემო მყოფთ და საქმეში ჩაუხედავი ადამიანები მათ ასეთ ქცევას უზრდელობით და სიზარმაცით ხსნიან და დასჯის, დაშინებისა და ძალდატანების გზით ცდილობენ მათ “მორჯულებას”- ყოველგვარი ძალდატანება და დასჯა კი მხოლოდ უკუეფექტის მომტანია.

თუ ეჭვი გაგიჩნდათ, რომ თქვენს შვილს ჰიპერაქტივობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომი აქვს:

  • შეამცირეთ მის საკვებ რაციონში შაქრის შემცველი და მატონიზირებელი პროდუქტები (შოკოლადი, ხილის წვენი, შაქრის შემცველი პროდუქტები).
  • გაარკვიეთ – ხომ არა აქვს ბავშვს ალერგია რომელიმე საკვებ პროდუქტზე და თუ ასეა, დაუყოვნებლივ ამოიღეთ მისი საკვები რაციონიდან ეს პროდუქტი.
  • აღიჭურვეთ მაქსიმალური მოთმინებით და არ შეეცადოთ ბავშვის დაშინებასა და დასჯას.
  • ეცადეთ, შეუქმნათ მას მშვიდი გარემო.
  • დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს ან პედიატრს და სთხოვეთ მას- ჩაატაროს კონსულტაცია ფსიქოლოგთან.