მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მნიშვნელოვნად შეიცვალა პლანეტის მოსახლეობის დაავადებათა სტრუქტურა. შემცირდა ინფექციების ხვედრითი წილი და მოიმატა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სიმსივნურმა და ალერგიულმა პათოლოგიებმა. გამოჩნდა დაავადებები, რომელთა შესახებაც მანამდე ცნობილი არ იყო. ასეთი დაავადებები, ხშირად ეკონომიკურად კარგად განვითარებული ქვეყნების მოსახლეობისათვისაა დამახასიათებელი და მათ “ცივილიზაციის დაავადებებსაც” უწოდებენ.
აღნიშნული მდგომარეობა პირველად აღწერეს 1988 წელს და მას ასევე მოიხსენიებენ, როგორც ებშტეინ-ბარის ვირუსით (EBV) გამოწვეულ ქრონიკულ ინფექციას და იმუნური დისფუნქციის სინდრომს. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ძირითადად გავრცელებულია მოზრდილ ადამიანებში, გვხვდება მოზარდებშიც და იშვიათია ბავშვებში. დაავადებულთა 75% მდედრობითი სქესისაა. დაავადების გავრცელების სიხშირე ა.შ.შ-ში შეადგენს 4 – 10-ს, 100 000 მცხოვრებზე. არ არის დადგენილი, რომ იგი გადამდებია და ადამიანიდან ადანმიანზე გადადის.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის განვითარების მიზეზი უცნობია. ზოგიერთი ავტორი მას EBV-ით გამოწვეულ მონონუკლეოზს უკავშირებდა. თუმცა, ეს შეხედულება დადასტურებული არ არის. კლინიკურად გამოხატულია ზოგადი სისუსტე, დაღლილობა, უენერგიობა, გარემოს მიმართ ინტერესის ნაკლებობა და კონცენტრაციის დარღვევა. ეს სიმპტომები ხშირად ვითარდება რაიმე ინფექციის (განსაკუთრებით გრიპი და ინფექციური მონონუკლეოზი) გადატანის შემდეგ. ლაბილური ფსიქიკის ადამიანებში, ეს სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვიდან, რამდენიმე წლის განმავლობაში და მას ხშირად თან ერთვის დეპრესიაც. პაციენტთა დაახლოებით ნახევარში შეინიშნება ფსიქიატრიული პრობლემების ფონი. პაციენტთა ნახევარზე მეტს აწუხებს ჰიპოტონია, კუნთების ტკივილი, სუბფებრილური ტემპერატურა, ალერგიული მდგომარეობა იმუნური სისტემის დიოსფუნქცია. აღნიშნული მდგომარეობა იწვევს შრომის უნარის მკვეთრ დაქვეითებას, სიცოცხლის ხალისის შემცირებას და სამსახურისა და სკოლის ხანგრძლივ გაცდენებს.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის სპეციფიური და ეფექტური მკურნალობის მეთოდი არ არსებობს. დიეტა ან ვიტამინოთერაპია არ იძლევა შესამჩნევ ეფექტს. ჰიდროკორტიზონის დაბალი დოზები, ზოგჯერ, მცირე ეფექტით ხასიათდება. სერიოზულ მნიშვნელობას ანიჭებენ ზომიერ ფიზიკურ ვარჯიშებს. მკურნალობის მნიშვნელოვანი და აუცილებელი კომპონენტია ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული თერაპია.